თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

სიახლეები

2018 წლის 11 ოქტომბერს ,   14 საათზე, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში   გაიმართა შეკრება თემაზე – „დაუბრუნდეს ქართულ სკოლას იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“. ღონისძიების ორგნიზატორი იყო იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება.

შეკრება გახსნა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ნანა მაჭავარიანმა.

შეკრებას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაწესებულებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები; კერძოდ, მწერალთა კავშირის, მხატვართა კავშირის, კომპოზიტორთა კავშირის, რუსთაველის საზოგადოების, ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგთა საზოგადოების; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის საელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სასულიერო აკადემიის, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლები.

შეკრებაზე აღინიშნა, რომ 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. სამინისტროს გადაწყვეტილებით სასკოლო სახელმძღვანელოთა ნუსხაში არ მოხვდა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, რამაც საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

შეკრებაზე სიტყვებით გამოვიდნენ: დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, მწერლები – მაყვალა გონაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, თემურ ჩალაბაშვილი, დავით შემოქმედელი, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, მსახიობი გუჯა ბურდული; პროფესორები ვალერი სუხიშვილი, რამაზ მეფარიშვილი და სხვა. შეკრების მონაწილეთა სულისკვეთება ერთსულოვანი იყო – იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ უნდა დაბრუნდეს ქართულ სკოლაში! შეკრებაზე შემუშავებული იქნა მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა გააცნო დარბაზს; მიმართვა ერთხმად მიიღეს…  გამოითქვა იმედი, რომ ხელისუფლება შეისმენს საზოგადოების ხმას და ჩვენი მომავალი თაობა წიგნიერების სამყაროში იაკობის „დედაენით“ გაიკვალავს გზას!…

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2018