Linguistics

წესდება

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის შინაგანაწესი

 

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც შეისწავლის ქართულის, სხვა ქართველური ენებისა და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს, თეორიული ენათმეცნიერების პრობლემებს; ამუშავებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიას; ქმნის ტექსტურსა და ლექსიკურ ბაზებს, ამზადებს აკადემიურ ლექსიკონებს; ასრულებს საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოებს…

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია სამეცნიერო განყოფილებები, რომლებიც წარმოადგენენ საინსტიტუტო კვლევების მთავარ მიმართულებებს. ასეთია 7 განყოფილება:

– ზოგადი ენათმეცნიერებისა
– ქართველურ ენათა
– მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა
– ლექსიკოლოგიისა
– სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონებისა
– ქართული მეტყველების კულტურისა
– ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისა

ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, თსუ წესდებითა და ინსტიტუტის დებულებით.

 

I. ზოგადი დებულებანი

1. შრომითი შინაგანაწესის მიზანია ხელი შეუწყოს შრომის ორგანიზაციას მეცნიერულ საფუძველზე, სამუშაო დროის რაციონალურ გამოყენებას, მუშაობის ხარისხის ამაღლებას, შრომის ნაყოფიერების ზრდას.

2. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექცია ადგენს შრომით შინაგანაწესს ინსტიტუტის განყოფილებების სამუშაო პირობების გათვალისწინებით.

3. შრომითი შინაგანაწესით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავს და წყვეტს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექცია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

II. ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა, ინჟინერ-ტექნიკური
პერსონალის მიღებისა და დათხოვნის წესი

4. მეცნიერი თანაშმრომლები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მოსამსახურეები შრომის უფლებას ახორციელებენ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

5. სამუშაოზე მიღებისას დირექცია ვალდებულია მოსთხოვოს მოქალაქეს:

ა) შრომის წიგნაკი; ხოლო თუ იგი პირველად იწყებს მუშაობას, ცნობა ბოლო საქმიანობის შესახებ;

ბ) პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

აღნიშნული საბუთების წამრმოუდგენლად მოქალაქე სამუშაოზე არ მიიღება.

ისეთ სამუშაოზე მიღებისას, რომლის შესასრულებლად საჭიროა სპეციალური ცოდნა, დირექციას უფლება აქვს მოსთხოვოს მოქალაქეს დიპლომი ან სხვა საბუთი მიღებული განათლებისა და პროფესიული მომზადების შესახებ.

სამუშაოზე მიღება უნდა გაფორმდეს დირექციის ბძრანებით.

მეცნიერ მუშაკთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით მისაღებმა პირებმა ინსტიტუტის დირექციას უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:

ა) კადრების აღრიცხვის პირადი ბარათი (ანკეტა) და ავტობიოგრაფია;

 

ბ) უმაღლესი განათლების, სამეცნიერო ხარისხისა და წოდების შესახებ საბუთების დამოწმებული პირები;

გ) დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან;

დ) მეცნიერული შრომებისა და გამოგონებათა სია.

თუ ინსტიტუტში უკვე არის კონკურსში მონაწილე მუშაკის პირადი საქმე, მაშინ მის განცხადებას საკმარისია დაერთოს მხოლოდ დახასიათება და სამეცნიერო შრომების სია.

თანამშრომელთა მიღება და დათხოვნა იმ თანამდებობიდან, რომლებიც შედის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ნომენკლატურაში, შესაბამისად, ფორმდება ინსტიტუტის დირექციის გადაწყვეტილებით.

იმ პირთათვის, რომელთაც ატესტაცია უნდა გაიარონ, სამუშაოზე საბოლოოდ მიღებას შეიძლება წინ უძღოდეს 3 თვემდე გამოცდის ვადით მიღება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დირექციის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

6. მოსამსახურის მიერ მუშაობის დაწყებისას ან დადგენილი წესით მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანისას დირექცია ვალდებულია:

ა) ორგანიზაცია უყოს მეცნიერ-თანაშმრომელთა შრომას თითოეული მათგანის სპეციალობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ბ) გააცნოს მას ენათმეცნიერების ინსტიტუტისათვის მოქმედი შრომითი შინაგანაწესი.

7. მუშაობის პირველად დამწყებ პირებზე უნდა შეივსოს შრომის წიგნაკი სამუშაოზე მიღების შემდეგ არაუგვიანეს ხუთი დღისა.

8. შრომითი ხელშეკრულების შეწყეტა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

შრომითი ხელშეკრულების შეწყეტა ფორმდება დირექციის ბრძანებით.

9. დათხოვნის დროს დირექცია მოვალეა მისცეს მუშასა თუ მოსამსახურეს შრომის წიგნაკი, რომელშიც ჩაიწერება ცნობა დათხოვნის შესახებ და გაუსწოროს საბოლოო ანგარიში. დათხოვნის დღედ ითვლება მუშაობის უკანასკნელი დღე.

 

III. ინსტიტუტის თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი

 

10. თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები მოვალენი არიან:

 

ა) იმუშაონ სათანადო ინტენსივობითა და კეთილსინდისიერებით.

ბ) დაიცვან შრომის დისციპლინა და წესრიგი დაწესებულებაში (დროულად გამოცხადდნენ სამუშაოზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, მთელი სამუშაო დრო გამოიყენონ ნაყოფიერი მუშაობისათვის, დროულად და ზუსტად შეასრულონ დირექციის განკარგულებები და სხვ.).

ყველა თანამშრომელი დადგენილ საათებში უნდა იყოს თავის სამუშაო ადგილზე. დაწესებულების გარეთ სამსახურებრივი დავალების შესრულებისას სარეგისტრაციო წიგნში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი ჩანაწერი ადგილისა და დროის ჩვენებით, რასაც ხელი უნდა მოაწეროს განყოფილების ხელმძღვანელმა ან მდივანმა.

გ) დროულად და მაღალხარისხოვნად შეასრულონ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმები.

დ) სრულად დაიცვან სათანადო წესებითა და ინსტრუქციებით გათვალისწინებული შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, შრომის ჰიგიენისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები.

ე) დაიცვან ინსტიტუტის ქონება, ეფექტურად გამოიყენონ ტექნიკა და ა. შ.

ვ) დაიჭირონ თავი ღირსეულად, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებისაგან, რაც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლებს შრომითი მოვალეობის შესრულებაში.

ზ) მიიღონ საჭირო ზომები იმ მიზეზებისა და ნაკლოვანებათა დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად, რომელნიც ხელს უშლიან ან აძნელებენ მუშაობის ნომალურად წარმართვას.

თ) სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევის ახალი მეთოდების შემუშავებაში, ხელი შეუწყონ პრაქტიკაში ტექნიკური, სამეცნიერო და სხვა სიახლეთა რაც შეიძლება სწრაფად დანერგვას.

 

IV. დირექციის ძირითადი მოვალეობანი

 

11. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექცია ვალდებულია:

ა) თანამშრომელთა შრომა ისე მოაწესრიგოს, რომ თითოეული მათგანი მუშაობდეს თავისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით, ჰქონდეს მისთვის მიჩენილი გარკვეული სამუშაო ადგილი, მოწყობილობა და ა. შ.

ბ) უზრუნველყოს სამუშაო გეგმების შედგენა და მათი შესრულებისათვის კონტროლის ორგანიზაცია.

ყოველი მეცნიერი თანამშრომლის მუშაობის შედეგები ყოველწლიურად განიხილებოდეს განყოფილებებში, წარმოჩნდებოდეს კონფერენციებზე და ა. შ.

გ) დროულად გააცნოს თანამშრომლებს მათ მიერ შესასრულებელი დავალებანი, უზრუნველყოს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

დ) მეცნიერების, ტექნიკისა და შრომის მეცნიერული ორგანიზაციის უახლეს მიღწევათა დანერგვით შექმნას პირობები შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად, უკეთ მოაწყოს სამუშაო ადგილი და გააუმჯობესოს მომსახურება.

ე) დაიცვას ინსტიტუტში შრომითი დიციპლინა.

ვ) გააუმჯობესოს თანამშრომელთა შრომის პირობები.

ზ) უზრუნველყოს გეგმით გათვალისწინებულ დავალებათა შესრულება შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენებით.

თ) უზრუნველყოს ხელფასის გაცემა დადგენილ ვადებში.

ი) უზრუნველყოს მუშაკების კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის სისტემატური ამაღლება, შექმნას საჭირო პირობები მუშაობისა და სწავლის შესათავსებლად ინსტიტუტსა და სასწავლო დაწესებულებებში.

კ) ხელი შეუწყოს კოლექტივში საქმიანი შემოქმედებითი ატმოსფეროს დამყარებას, დროულად განიხილოს თანამშრომელთა ინიციატივები, კრიტიკული შენიშვნები და აცნობოს მათ მიღებულ ღონისძიებათა შესახებ.

 

V. სამუშო დრო და მისი გამოყენება

 

12. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა და ორი დასვენების დღე.

13. მუშაობის დაწყების, დამთავრების და შესვენების დრო ასე განისაზღვრება:

მუშაობა იწყება 10 საათზე.

მუშაობა მთავრდება 18 საათზე, პარასკევს – 17,30 საათზე.

ცალკეულ შემთხვევებში ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა, მათ შორის, მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო, შესვენებისა და დასვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება დირექციის მიერ სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით.

14. განსაკუთრებულ შემთხვევაში თანამშრომელს შეიძლება დაუწესდეს ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და დირექციის დასტურით.

ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთის შემთხვევაში არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე, ხოლო ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში – 2 სამუშაო დღეზე ნაკლები.

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ე.წ. გადაწეული სამუშაო გრაფიკი. ამ შემთხვევაში თანამშრომელს უფლება ეძლევა მუშაობა დაიწყოს და დაამთავროს ერთი საათით ადრე (9-დან 17 საათამდე), ან დაიწყოს და დაათავროს 1-2 საათით გვიან (შესაბამისად: 11-19 ან 12-20 საათებზე).

15. დირექცია მოვალეა დააწესოს სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაოდან წასვლის აღრიცხვა.

განყოფილების დონეზე გრაფიკის დაცვას აკონტროლებს განყოფილების მდივანი.

16. მუშაობა ზედმეტ საათებში, ჩვეულებრივ, არ დაიშვება. დირექციას ზედმეტ საათებში მუშაობის დაშვება შეუძლია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

17. სამუშაო დროს აკრძალულია:

ა) თანამშრომლების მოცდენა მათი უშუალო სამუშაოსაგან; მათი გამოძახება ან გათავისუფლება სამუშაოდან საზოგადოებრივი მოვალეობის შესასრულებლად, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს.

ბ) კრებების, სხდომებისა და თათბირების მოწვევა საზოგადოებრივ საქმეებზე.

18. მორიგი შვებულების განრიგს ადგენს ინსტიტუტის დირექცია; შვებულებებისათვის, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს ივლის-აგვისტო (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა).

 

VI. წახალისებანი წარმატებული მუშაობისათვის

 

19. შრომითი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის და მუშაობაში სხვა მიღწევებისათვის შემოღებულია შემდეგი წახალისებანი:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

წახალისება ცხადდება ბრძანებით, ეცნობება მთელ კოლექტივს და აღინუსხება თანამშრომლის პირად საქმეში.

წახალისების ღონისძიებათა გამოყენებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შრომის მატერიალური და მორალური სტიმულირების შეხამება.

20. განსაკუთრებული შრომითი დამსახურებისათვის თანამშრომლებს წარადგენენ ზემდგომ ორგანოებში ორდენებით, მედლებით, საპატიო სიგელებით, პრემიებით დასაჯილდოვებლად, აგრეთვე საპატიო წოდებათა მისანიჭებლად.

 

VII. სასჯელი შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის

21. შრომითი დისციპლინის დარღვევის, ე. ი. მუშაკისათვის დაკისრებული მოვალეობის მისი მიზეზით არასათანადოდ შესრულების ან საერთოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელს დაედება დისციპლინური სასჯელი, ან მის მიმართ გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი ზემოქმედების სხვა ღონისძიებანი.

22. შრომითი დისციპლინის დარღვევისათვის ინსტიტუტის დირექცია იყენებს შემდეგ დისციპლინურ სასჯელებს:

ა) მითითებას;

ბ) საყვედურს;

გ) სასტიკ საყვედურს;

დ) გადაყვანას ნაკლებხელფასიან სამუშაოზე სამ თვემდე ვადით ან თანამდებობაზე ჩამოქვეითებას იმავე ვადით;

ე) დათხოვნას.

დათხოვნა დისციპლინურ სასჯელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით ან შრომითი განაწესით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და თუ მის მიმართ ადრე უკვე იყო გამოყენებული დისციპლინური ან საზოგადოებრივი სასჯელი.

თანამშრომელი შეიძლება აგრეთვე დათხოვნილ იქნეს სამუშაოდან არასაპატიო მიზეზით სამუშაოს გაცდენის გამო; გაცდენილად ითვლება გამოუცხადებლობა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. თანამშრომელი შეიძლება ასევე განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ სასამართლო გამოიტანს მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს სისხლის სამართლის საქმეზე.

23. დისციპლინურ სასჯელს თანამშრომელს ადებს ინსტიტუტის დირექცია.

24. სასჯელის დადებამდე შრომითი დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.

დისციპლინურ სასჯელებს დირექცია გამოიყენებს შრომითი დისციპლინის დარღვევის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან (ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის ჩაუთვლელად).

დისციპლინური სასჯელის დადება არ შეიძლება დარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

25. შრომითი დისციპლინის ყოველ დარღვევას ერთი დისციპლინური სასჯელი შეეფარდება.

26. დისციპლინური სასჯელი ცხადდება ბრძანებით და ეცნობება თანამშრომელს სამი დღის განმავლობაში; ბრძანება ეცნობება ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს.

27. თუ დისციპლინური სასჯელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში თანამშრომელი არ დაიმსახურებს ახალ სასჯელს, ჩაითვლება, რომ მას არ ჰქონია დისციპლინური სასჯელი.

28. შრომითი შინაგანაწესი უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე.

 

მიღებულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის
საერთო კრების მიერ
10 თებერვალი, 2015 წ

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017 Frontier Theme