Linguistics

ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება

დაარსდა 1958 წელს საქართველოს მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფ. თინათინ შარაძენიძის ხელმძღვანელობით. განყოფილების მიზანი იყო საქართველოში უკვე არსებული, არნ. ჩიქობავას და გ. ახვლედიანის მიერ დაფუძნებული ზოგადი თეორიულ-ენათმეცნიერული სკოლის შემდგომი განვითარება, ენის არსის ფილოსოფიურ-თეორიული კვლევა, იბერიულ-კავკასიური ენებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების განზოგადება როგორც ტიპოლოგიური, ისე ზოგად-არსობრივი თვალსაზრისით.
განყოფილების მუშაობის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა ენის ფილოსოფიის ისტორია და ენათმეცნიერების ფილოსოფიური საფუძვლები; ენათმეცნიერების ძირითადი მიმდინარეობები; ენათმეცნიერების მეთოდოლოგია და სპეციალური მეთოდები; ენათმეცნიერების დარგები.
განყოფილების თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში ხდებოდა ამ თემატიკის საფუძვლიანი დამუშავება: თ. შარაძენიძე ემპირიულად იკვლევდა ქართველურ ენებს მორფოლოგიის, ფონოლოგიისა და დიალექტოლოგიის თვალთახედვით. მან ფუნდამენტური მონოგრაფია მიუძღვნა ენათა კლასიფიკაციის პრობლემას, მასვე ეკუთვნის მონოგრაფია ენათა უნივერსალიებისა და ტიპოლოგიის შესახებ; მონოგრაფია ბოდუენ დე კურტენეს შემოქმედების შესახებ და სხვ.
1958 წ. თ. შარაძენიძემ განყოფილებასთან დააფუძნა მათემატიკური ლინგვისტიკის სემინარი, რომელშიც ენათმეცნიერების გარდა მონაწილეობდნენ მათემატიკოსები, ლოგიკოსები, კიბერნეტიკის სპეციალისტები. მათემატიკური ლინგვისტიკის საკითხებს მიეძღვნა რამდენიმე დისერტაცია და მთელი რიგი ნაშრომებისა. დაარსდა განყოფილების კრებული: ”თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები” (გამოქვეყნდა ექვსი ტომი).
ენის ფილოსოფიის ისტორიის კვლევას მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნეს მ. მაჭავარიანმა და ირ. რამიშვილმა. გლოსემატიკის ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ გამოქვეყნდა ირ. რამიშვილის მონოგრაფია ”კოპენჰაგენის სტრუქტურალისტური სკოლის ამოსავალი პრინციპები”. მეცნიერმა საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა ბუნებრივი და ხელოვნური ენების ურთიერთობის პრობლემას, ლაიბნიცის კონცეფციას მეცნიერების უნივერსალური ენის შესახებ (1917 წ.), მეტაენის შესწავლის საკითხებს (1972 წ.) და სხვ. განყოფილების კვლევის მნიშვნელოვანი სფერო იყო ფონოლოგია. არაერთი სტატია და გამოკვლევა მიეძღვნა ფონოლოგიური თვალსაზრისით იბერიულ-კავკასიური ენების მასალის კვლევას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ქობალავას მონოგრაფია ”ფონემის ცნება თანამედროვე ენათმეცნიერებებში” (1974).
ბ. ფოჩხუამ შექმნა უმნიშვნელოვანესი თეორიული ნაშრომი ”ქართული ლექსიკოლოგია”. მანვე შეადგინა ”ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი” (ამ ლექსიკონის I ტომი გამოქვეყნდა 1987 წ.). მონოგრაფიას წინ უძღვის ავტორის თეორიული ნააზრევი ენის ლექსიკის სისტემატიზაციის თაობაზე. განყოფილებაში გრძელდება მუშაობა ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის შემდგომი ტომების გამოცემაზე. განყოფილების სპეციალური კვლევის საგანი გახდა სტილისტიკა. ამ დარგის თეორია და ემპირიული კვლევა დაუკავშირდა მათემატიკური მეთოდების გამოყენებას, რასაც მიეძღვნა ლ. აბულაძის და გ. კვარაცხელიას დისერტაციები და სტატიები. ფუნქციური სტილის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე გამოქვეყნდა გ. კვარაცხელიას ნაშრომები: ”სტილისტიკა და ექსპერიმენტი” (1972 წ.), ”ფუნქციური სტილისტიკის ზოგადი საკითხები” (1985 წ.).
განყოფილება საგანგებო ყურადღებას უთმობდა სინტაქსის თეორიულ და ემპირიულ პრობლემატიკას, თანამედროვე ენათმეცნიერებაში არსებულ ძირითადი სინტაქსური თეორიების კრიტიკულ ანალიზს და მის გამოყენებას ქართული ენის მასალაზე. ეს საკითხები საფუძვლიანადაა დამუშავებული ლ. ენუქიძის შრომებში.
გრამატიკული სემანტიკის საკითხებს მიეძღვნა მ. მაჭავარიანის მონოგრაფია ”ქცევის გრამატიკული კატეგორიის სემანტიკა” (1987).
განყოფილების მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა სოციოლინგვისტიკის საკითხები. ამ მიზნით კ. ლერნერის მიერ დამუშავებული და შესწავლილია ცნობილი მეცნიერების მეიეს, სოსიურის, ტარდეს და სხვათა მნიშვნელოვანი გამოკვლევები ენისა და კულტურის, ენისა და სოციუმის ურთიერთმიმართების შესახებ და მოცემულია მათი ინტერპრეტაცია ქართველური ენების ხარისხების სისტემის ჩამოყალიბებისა და სოციალურ-კულტურული არეალის გათვალისწინებით.
განყოფილების მიერ საფუძვლიანად არის დამუშავებული მარკირების თეორია. ი. მელიქიშვილის ნაშრომში ”მარკირების მიმართება ფონოლოგიაში” (1976 წ.) მოცემულია იბერიულ-კავკასიური და ინდოევროპული ენების ტიპოლოგიურ ფონოლოგიური დახასიათება. მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული ქართველურ და ინდოევროპულ ფუძეთა ფონოლოგიური სტრუქტურის დადგენის მიზნით.
განყოფილებაში მუშავდებოდა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების თემატიკა. თ. შარაძენიძის და ბ. ფოჩხუას თეორიულ შრომებში დაწვრილებით არის განხილული კომპარატივისტიკის მეთოდოლოგია და გენეალოგიური კლასიფიკაციის მეცნიერული საფუძვლები. არაერთი საინტერესო ნაშრომი მიეძღვნა ქართველური ენების თანხმოვანთა სისტემის რეკონსტრუქციის საკითხებს.
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებაში მუშაობდა სემინარი ”კულტურა და ენა”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო განყოფილების თანამშრომლები, არამედ მოწვეული სპეციალისტები. ამ სემინარზე დასმული მნიშვნელოვანი პრობლემები, კერძოდ, ენისა და ფსიქიკის ურთიერთმიმართების პრობლემატიკა, ენის ფსიქოლოგისტური თეორიები და ზოგადად ენის ფსიქოლოგიური ბუნება განყოფილების შემდგომი კვლევის საგანი გახდა (ი. ქობალავას შრომები). განყოფილებისთვის აქტუალურია ენის ფუნქციების, მისი არსის ექსტრალინგვისტურ სამყაროსთან ურთიერთობის პრობლემატიკა.
განყოფილების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული ენციკლოპედიის შექმნაში.
განყოფილების თანამშრომლები ეწევიან მრავალმხრივ სამეცნიერო მუშაობას. აქტიურად მონაწილეობენ საინსტიტუტო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში.
1984 წლიდან 2001 წლამდე ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებას ხელმძღვანელობდა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მაია მაჭავარიანი; 2001 წელს განყოფილების გამგეობა დაევალა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, პროფესორ გუჩა კვარაცხელიას. ამავე წელს განყოფილებას შეუერთდა კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორია. 2006 წელსვე ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებას შეუერთდა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, რომელიც1959 წელს ჩამოყალიბდა პროფ. შოთა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის ექსპერიმენტებმა საფუძველი შეუმზადა ლაბორატორიაში ფონეტიკურ ერთეულთა აღქმის სპეციალურ შესწავლას, რამაც ფონეტიკის ახალი დარგის პერცეპციული ფონეტიკის დაფუძნება განაპირობა. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ლაბორატორიის სახე, აქ წარმოებული მუშაობა და კვლევის მეთოდები ძირითადად შეამზადა კვლევის მიზანთა იმგვარმა გაგებამ და მუშაობის იმ მიმართულებამ, რომელიც ამ ლაბორატორიისთვის იყო დამახასიათებელი მისი არსებობის პირველსავე წლებში.
ლაბორატორიის თანამშრომელთა მიერ მომზადდა ქართული ენის აკადემიური გრამატიკის ფონეტიკის ტომი. იგი წარმოადგენს თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენის ბგერითი სისტემის სინქრონულ აღწერას.
აღსანიშნავია გ. ცოცანიძის, ნ. იმნაძის, ლ. ბაბლუანის, ა. ონიანის, ლ. ვაშაკიძის, თ. აბრამიშვილის მიერ შესრულებული სამუშაო სალიტერატურო ქართულ ტექსტში ბგერათა სიხშირის, ქართული დიალექტების ინტონაციური სტრუქტურების შესახებ. სალიტერატურო ქართულის ინტონაციურ ქარგებს მიეძღვნა ნ. კიზირიას მონოგრაფია. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა და მისი კავშირი ფონემათა განაწილებასთან განიხილება თ. უთურგაიძის მონოგრაფიაში ”ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა”. მონოგრაფიულად იქნა შესწავლილი მეგრულისა და ჭანურის ბგერითი შედგენილობაც. სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა სვანური ენის ფონემათა განაწილებას ლ. ბაბლუანმა. დარგუული ენის ფონეტიკა მონოგრაფიულად არის აღწერილი შ. გაფრინდაშვილის მიერ, სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში – ე. ლომთაძის მიერ. მთის კავკასიურ ენათა ბგერითი სისტემების ცალკეულ მხარეებს ეხება ი. გუდავას, თ. ქეცბას, ზ. ჯაფარიძის ნაშრომები. ამ ენათა სპეციფიკური ბგერები იყო შესწავლილი ლაბორატორიის თანამშრომელთა ორ კოლექტიურ ნაშრომში. მონოგრაფიულად იქნა გამოკვლეული სპარსული ენის ფონეტიკა შ. გაფრინდაშვილის, ჯ. გიუნაშვილის თანაავტორობით. ექსპერიმენტულად იქნა შესწავლილი რუსული, ოსური, ფრანგული ენების კერძო საკითხები.
საველე პირობებსა თუ ინსტიტუტში მოპოვებული საანალიზო მასალა ინახება ლაბორატორიის ფონოთეკაში, რენდგენოთეკასა და ოსცილოთეკაში.
ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიამ შეიმუშავა ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები:
ა) ქართული მეტყველების ელექტრონული სინთეზი; სინთეზს თავის მიერვე დამუშავებულ და აგებულ სინთეზატორზე ახორციელებდა ინჟინერი ლუდმილა ბელოზეროვა. სინთეზის საშუალებით აფასებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ ბგერებს, არამედ მახვილისა და ინტონაციის მახასიათებლებს;
ბ) ქართული მეტყველების ფონემური კომპილაციური სინთეზი; მართვის სისტემების ინსტიტუტში, პროფ. გ. რამიშვილის განყოფილებაში, კომპილაციურ სინთეზზე მუშაობდნენ განყოფილების თანამშრომელი ა. თუშიშვილი და ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი ზ. ჯაფარიძე. ლაბორატორიაში ჩატარებულ წინასწარ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა ლ. ვაშაკიძე.
გ) ბგერათა ავტომატური გამოცნობა; ამ პრობლემაზე მუშაობდა ინჟინერი იური სტრელნიკოვი. მის მიერვეა აგებული დანადგარი, რომელზეც საჭირო ოპერაციები ხორციელდება.
დ) არტიკულაციის ელექტრომიოგრაფიული შესწავლა; ექსპერიმენტულ ფონეტიკური მიზნით სამეტყველო ორგანოების ელექტრომიოგრაფია პირველად განხორციელდა 1960 წელს საქათველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში პროფ. ძიძიშვილის ლაბორატორიის თანამშრომლების თ. ონიანისა და თ. იოსელიანის დახმარებით. ლაბორატორიიდან სამუშაოში მონაწილეობდა ზ. ჯაფარიძე. შემდეგ მეთოდი დაინერგა ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ლაბორატორიაში იკვლევდნენ ქართველ ბავშვთა მიერ ქართული ფონეტიკური ერთეულების ათვისების კანონზომიერებებს, ადგენდენ ქართული ბგერებისა და ინტონაციური კონტურების ჩამოყალიბების თანმიმდევრობას.
ლაბორატორიის თანამშრომელთა კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქართული, ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენების ბგერითი სისტემების შესწავლა. მიმდინარერობს ამ ენათა მონაცემების ჩაწერა და მათი ექსპერიმენტული დამუშავება. ლაბორატორიაში შეისწავლება ზოგადი ფონეტიკის საკითხები, კერძოდ, პერცეპციული ფონეტიკისა და ადამიანში ენობრივი (ფონეტიკური) სისტემის ჩამოყალიბების ადრეული ეტაპების პრობლემატიკა. ახალი ლინგვისტური დისციპლინის პერცეპციული ფონეტიკის დაფუძნება, მისი ცნებითი აპარატის დამუშავება, სამეტყველო ბგერათა აღთქმისას ცნობიერ და ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარე პროცესების წარმოჩენა და განხილვა მოცემულია ზ. ჯაფარიძის ორ წიგნსა და შრომაში. ქართულ ბგერათა აღქმის საკითხებს ეძღვნება ნ. იმნაძის მონოგრაფია.
ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ნ. ახრახაძე, ლ. ბაბლუანი, ი. გუდავა, ნ. იმნაძე, ნ. კიზირია, ე. ლომთაძე, ი. მამალაძე, ა. ონიანი, რ. სულაკაური,
თ. ქეცბა, გ. ცოცანიძე, თ. აბრამიშვილი, ლ. ბელოზეროვა, ნ. გიორგობიანი, გ. დოლიძე, ი. თევდორაძე, თ. უთურგაიძე. შ. გაფრინდაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1968 წლიდან, განყოფილებას ხელმძღვანელობდა პროფესორი ზურაბ ჯაფარიძე, ხოლო 2000-2006 წლებში ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ არდოტელი.

2011 წელს ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგედ აირჩიეს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია.
განყოფილებაში სამეცნიერო თანამდებობები დაიკავეს:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
სალომე ომიაძე
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

ლომთაძე თამარ
ტარიელ გურგენიძე

მეცნიერი თანამშრომელი
გვანცა გვანცელაძე

ქეთევან მარგიანი

ერქომაიშვილი მანანა

Share Button
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი © 2017 Frontier Theme