მიმდინარე წლის 14 – 16 მაისს ბათუმში გაიმართა I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტისა და სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებმა, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა: ცნობილმა ქართველოლოგებმა დონალდ რეიფილდმა (დიდი ბრიტანეთი) და რეუვენ ენოხმა (ისრაელი).

სიმპოზიუმზე  გაიმართა დისკუსია  მრგვალ მაგიდასთან  შემდეგ თემებზე:

  • ლექსიკონი, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, ლექსიკოგრაფიული პრინციპები და იდეები;
  • ლექსიკოგრაფია და საავტორო უფლებები;
  • ლექსიკოგრაფია და სახელმწიფო;
  • რა ინფორმაციას ინახავს ლექსიკონი ენის შესახებ;
  • ლექსიკოგრაფიის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.

სიმპოზიუმის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შემოუერთდეთ.

 

 

 

 

 

 

ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მიმართვა

საქართველოს მთავრობისა და აკადემიური საზოგადოებისადმი

 

თანამედროვე ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ფილოლოგიური მეცნიერებისა და კულტურის სინთეზია, კულტურის ცნების უაღრესად ფართო გაგებით. ნებისმიერი ერის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ენის მეშვეობით რეალიზდება, ენა კი მთელი თავისი სისავსითა და სიმდიდრით ლექსიკონებშია ფიქსირებული.

 

ლექსიკონის, როგორც ერის კულტურული სახის გამომხატველი ნაშრომის, განსაკუთრებული როლის აღიარებამ, ლექსიკონთა კორპუსების კულტურული და პოლიტიკური (სტრატეგიული) მნიშვნელობის გაცნობიერებამ განაპირობა

ლექსიკოგრაფიული აქტივობის უპრეცედენტო აღმავლობა ევროპასა და ამერიკაში. შეიქმნა უამრავი ლექსიკოგრაფიული ცენტრი, გაფართოვდა თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ლექსიკოგრაფიის დარგში, გაიზარდა გამოშვებული ლექსიკონების ტიპები და ასორტიმენტი. ლექსიკოგრაფიის დონე ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებლად გვევლინება.

 

ამ ვითარების ფონზე მდგომარეობა ქართული ლექსიკოგრაფიისა, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა. ლექსიკოგრაფის კოლოსალური შრომა დღევანდელ საქართველოში თითქმის სრულიად დაუფასებელია, კერძოდ:

 

ქართული სახელმწიფო ენის მომავალი, მისი ღირსეული პარტნიორობის საკითხი მსოფლიოს მოწინავე ენებთან მთლიანად არის დამოკიდებული თანამედროვე ლექსიკოგრაფიის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში.

დასამალი არ არის, რომ დღეისათვის ძირითადი და სავალდებულო ლექსიკონების თვალსაზრისით მკვეთრად ჩამოვრჩებით იმ დონეს, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოეთხოვება განვითარებული მწიგნობრობის ქვეყანას, და ეს ჩამორჩენა თანდათანობით გამოუსწორებელ ხასიათს იძენს.

ასეთ ვითარებაში დარგს დაღუპვა ემუქრება; თუ ქართველი საზოგადოება და ქართული სახელმწიფო სათანადოდ არ გააცნობიერებს ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობას ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისათვის, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებისათვის, და დაუყოვნებლივ არ მიიღებს ზომებს დარგის გადარჩენისათვის საქართველოში,

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ ვამბობთ უარს ჭეშმარიტ ინტეგრაციაზე ევროპულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში, უარს ვამბობთ ეროვნული ენისა და კულტურის განვითარებაზე ევროპული მოთხოვნების შესაბამისად.

 

ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმმა ლექსიკოგრაფიაში შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისადმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისადმი, რომელთა გატარება აუცილებელია დარგის გადარჩენისათვის: