_ გიორგი, შენზე ამბობენ, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა გაქვს ნანახი.

_ ჰო, მგონი... ისეთ ადგილებშიც ვარ ნამყოფი, სადაც ქართველი ტურისტები იშვიათად დადიან.

_ მართლა? მომიყევი, სად ხარ ნამყოფი?

_ ნამყოფი ბევრგან ვარ, თუმცა ზოგმა ადგილმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ორი წლის წინ ვიყავი სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის დაბლობზე. ულამაზესია. აზიაში მოგზაურობიდან ტიბეტმა დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება. ნამდვილი საოცრებაა. ტიბეტის ცნობილი ტაძრები და ულამაზესი მინდვრები უმაღლესი მწვერვალებითაა გარშემორტყმული.

_ როგორც მახსოვს, განსაკუთრებული ემოციით დაბრუნდი პერუდან, არა?

_მართალი ხარ, განსაკუთრებით მაჩუ-პიქჩუ მომეწონა, მთებზე განლაგებული ძველი, მიტოვებული ქალაქი. მისი აღწერა, უბრალოდ, შეუძლებელია. XV საუკუნის ძეგლი ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით და ინკების უძველესი ცივილიზაციის კერად. ყველა ჩემს ახლობელს ვურჩევ, ეწვიოს ამ საოცრებას.

_ანუ, პერუ შენი საყვარელი ქვეყანაა?

_როგორ გითხრა, ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს, თუმცა პირველ ადგილზე მალდივის კუნძულებს ვაყენებ. მალდივის კუნძულების სილამაზე მთელ მსოფლიოშია განთქმული. იმასაც კი ამბობენ, რომ ის ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში, სამოთხე დედამიწაზე.

_ხვალისათვის პრეზენტაცია მაქვს მოსამზადებელი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქანდაკებების შესახებ უნდა ვისაუბრო. ვერ გადავწყვიტე, რომლების შესახებ გავაკეთო მოხსენება.

_ პირადად მე ვენერა მილოსელის, მიქელანჯელოს „დავითისა“ და თავისუფლების ქანდაკების შესახებ მოვამზადებდი პრეზენტაციას.

_ კი, მაგრამ... მსოფლიოში იმდენი არაჩვეულებრივი ქანდაკებაა!..

_ მესმის, მაგრამ ერთ პრეზენტაციაში ყველა მათგანზე ხომ ვერ ისაუბრებ?

_ ამიტომაც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. 5000 წლის წინ გამოქანდაკებული სფინქსი, ქრისტეს ქანდაკება რიო-დეჟანეიროში, ბუდას ქანდაკებები, როდენის „მოაზროვნე“.... უამრავია...

_მათ შესახებ შეგიძლია ფოტომასალა აჩვენო, ხოლო რამდენიმეს შესახებ დაწვრილებით ისაუბრო.

_ჰო, ალბათ ასე ვიზამ.