_ არსებობს თუ არა ქართულ ენაში ფრაზები ან გამონათქვამები, რომლებიც მდინარეს უკავშირდება?

_ რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა არც ისე დიდია.

_ შეგიძლია რამდენიმე მათგანი გაიხსენო?

_ სიამოვნებით. მაგალითად, ქართულში არსებობს გამოთქმა „ჩაილურის წყალი დალია“. ამ გამონათქვამის შესახებ შემდეგი განმარტება არსებობს: „უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა“ ან „წასულია მისი საქმე“, ანუ „დაკარგულია“. არსებობს გადმოცემა, თუ საიდან გაჩნდა ეს ხატოვანი გამოთქმა.

_ მართლა? რა საინტერესოა!

_ თუ გინდათ, ახლავე მოგიყვებით. ჩაილური მდინარეა კახეთში. იმ დროს, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, ქართლელი მდევარი ტყვეებისა და მოპარული საქონლის დასახსნელად ჩაილურის ხევამდე მისდევდა მტერს. თუ წაართმევდნენ ტყვეებს, მშობლიურ კერას უბრუნებდნენ. თუ ვერ დაეწეოდნენ და ჩაილურის ხევს გადაასწრებდნენ, შინ დაბრუნებული მდევარი უიმედოდ იტყოდა: „ვერაფერი გავაწყვეთ, ჩაილურის წყალი დალიეს უკვეო“.

_ ხშირად ამბობენ, რომ „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“.

_ ჰო, თუ არ ვცდები, აღმოსავლური სიბრძნეა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არაფერი მეორდება, ყველაფერი ერთხელ ხდება.

_ დიდი მადლობა. სიმართლე გითხრა, კარგად არ მესმოდა ამ ფრაზის შინაარსი. მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ვართ, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრები გვაქვს, სხვადასხვა პოზიციაზე ვართ, არა?

_ კი, მართალი ხარ.

თქვენი სიტყვებით გადმოეცით, რას ნიშნავს გამონათქვამები: „ჩაილურის წყალი დალია“ და „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“.