_ ცნობილია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე უამრავი წინააღმდეგობა გადალახეს. სწორედ ეს წინაღობები უბიძგებდა მათ, რომ თავდაუზოგავად ემუშავათ და ახალ პერსპექტივებზე ეფიქრათ.

_ ნამდვილად ასეა. როდესაც წარმატებული ადამიანების თავდაპირველ უიღბლობაზე საუბრობენ, აუცილებლად ახსენებენ ჰენრი ფორდს. ფორდი ცნობილია თავისი გამოგონებებით. მას ეკუთვნოდა ამერიკული ავტოწარმოების პირველი და უმსხვილესი ხაზი, თუმცა მისი თავდაპირველი ბიზნესი წარუმატებელი გამოდგა. კომპანია ფორდის“ დაარსებამდე მან 5 წარუმატებული ბიზნესი წამოიწყო.

_ რამდენადაც მახსოვს, წარუმატებელი იყო მილიარდდოლარიანი ბიზნესის მფლობელის, სოიჩირო ჰონდას კარიერის დასაწყისიც.

_ საინტერესოა, რომ მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოსაინჟინრო მოწყობილობების მწარმოებელი სოიჩირო ჰონდა გასაუბრებაზე იყო „ტოიოტას“ კორპორაციაში ინჟინრის ვაკანსიაზე, სადაც მისი კანდიდატურა დაიწუნეს. წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ იგი უმუშევარი დარჩა, სანამ სკუტერების კეთება არ დაიწყო.

_უკვე რამდენიმე ათეული წელია, კომპანია „დისნეი“ მილიარდებს იღებს თავისი ფილმებიდან და გასართობი პარკებიდან, მაგრამ, ცნობილია, რომ თვითონ უოლტ დისნეის რთული პერიოდი ჰქონდა ახალგაზრდობაში.

_ დისნეი გაზეთის რედაქტორმა იმ მიზეზით გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ მას აკლდა წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი და არ ჰქონდა კარგი იდეები. ამის შემდეგ დისნეიმ რამდენიმე ბიზნესი დაიწყო, რომლებმაც, საბოლოოდ, გაკოტრებამდე მიიყვანა. მხოლოდ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ იპოვა რეცეპტი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.