_ ჭაბუკა, იცოდი, რომ მსოფლიოს შვიდი საოცრების გარდა, არსებობს ჩამონათვალი, რომელშიც ბუნების საოცრებებია შესული?

_ მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ, რა თქმა უნდა, წამიკითხავს და გადაცემებიც მინახავს, მაგრამ არაფერი ვიცი ბუნების საოცრებების შესახებ.

_ მეც ახლახან გავიგე, რომ თურმე არსებობდა ბუნების შვიდი საოცრების ჩამონათვალი, ცოტა ხნის წინ კი ახალი სია შეადგინეს.

_ საინტერესოა. რა შედის ძველ და ახალ სიებში?

_ბუნების საოცრებების თავდაპირველ სიაში შედის: დიდი კანიონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს და მართლაც საოცარი სანახავია, დიდი ბარიერის რიფი ავსტრალიაში, ევერესტის მთა ანუ ჯომოლუნგმა, გუანაბარას ყურე მექსიკაში, ჩრდილოეთის ანუ პოლარული ციალი, პარიკუტინის ვულკანი და ვიქტორიას ჩანჩქერი აფრიკაში.

_ მართლაც ფანტასტიკური ადგილებია. ახალი სია როგორია?

_ სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე მდებარე იგუასუს ჩანჩქერი ამ სიის ლიდერია. მეორე ადგილს იკავებს ჯეჯუს კუნძული სამხრეთ კორეაში, რომელსაც ევროპელები კუელპარდის სახელით იცნობენ. შემდეგ მოდის კომოდოს კუნძული ინდონეზიაში. პუერტო პრინცესას მიწისქვეშა მდინარე ფილიპინებში მდებარეობს. 8.2 კმ. სიგრძის მდინარე გადის რამდენიმე მსხვილ გამოქვაბულს, რომლებშიც ულამაზესი, ზემოდან ჩამოზრდილი სტალაქტიტები და ქვემოდან ამოზრდილი სტალაგმიტებია. მეთევზეების მოტივტივე სოფელი ვიეტნამის ჰალონგის ყურეში კიდევ ერთ საოცრებადაა მიჩნეული. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მდებარე მაგიდის მთა (Table Mountain) ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა. ხალხის გადაწყვეტილებით, ბუნების საოცრებების ახალ სიაში ამაზონის ტროპიკული ტყეებიც შედის.

_ იქნებ ოდესმე შევძლოთ და ეს ადგილები მოვინახულოთ.

_ შეუძლებელი არაფერია, კარგი იქნება, თუ მეგობრები ერთად წავალთ ამ უმშვენიერესი ადგილების სანახავად!