_ ერთი შეხედვით, არაფერი მაკლია, მყავს კარგი ოჯახი და მეგობრები, საინტერესო სამსახური და მაღალი ხელფასი, მაგრამ ყოველდღიური ერთფეროვნება მომბეზრდა.

_ იმაზე, რაც შენ გაქვს, ბევრი ადამიანი ოცნებობს.

_ რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრ რამეში გამიმართლა, მაგრამ... გართობა ჩვენთან ნამდვილად პრობლემაა.

_ რატომ? თბილისში ბევრი კაფე და ბარია, კარგი სპორტული დარბაზი და საცურაო აუზია. საინტერესო სპექტაკლები და მუსიკალური წარმოდგენები იმართება.

_ კაფეში წასვლა აღარ მინდა. ან სად უნდა წახვიდე? შარდენზე? სხედან, ყავას სვამენ და გამვლელებს ათვალიერებენ... არაფერი საინტერესო არ ხდება... პეროვსკაიაზე? რასაც 10 წლის წინ უკრავდნენ, იმას უკრავენ დღესაც,

_ კუს ტბა, თბილისის ზღვა... მშვენიერი ადგილებია გასართობად.

_ კუს ტბაზე, დასვენების გარდა, ყველაფერი შეიძლება. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთესი მანქანითა და ძვირფასი სამოსით ავა. ერთი სული აქვთ, ვინმე ნაცნობი შეხვდეთ, რომ თავი მოაწონონ... თბილისის ზღვაზე ზაფხულში კიდევ შეიძლება გართობა, იახტით ან ნავით სეირნობა ცუდი არ არის. თუმცა, ფასები საკმაოდ მაღალია და ყველას არ მიუწვდება ხელი.

_ სპორტული ცხოვრება არ გიყვარს?

_არა, ყურება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე მონაწილეობა. თუმცა, ვიცი, რომ ჯანმრთელობისათვის კარგია. გართობისა კი რა მოგახსენო... ცოტა ხნის წინ ჩემს ქუჩაზე გაიხსნა ახალი სპორტული ცენტრი. ვფიქრობ, რომ ცურვაზე დავიწყებ სიარულს.

- კარგია. წარმატებებს გისურვებ.