_ საინტერესოა, როგორ აღგვიქვამენ უცხოელები ჩვენ, ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს.

_ ინტერნეტში არის რამდენიმე ვებგვერდი, რომლებიდანაც შეიძლება გავიგოთ, თუ როგორია ევროპელებისა და ამერიკელების წარმოდგენა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხზე, მათ შორის ჩვენზე, კავკასიაში მცხოვრებ ხალხებზე. თუმცა ეს საიტები ნახევრად იუმორისტულია და არა აქვთ პრეტენზია, სრული სიმართლე გადმოსცენ, მათი გაცნობა მაინც საინტერესოა.

_ რა თქმა უნდა, საინტერესოა. რას წერენ ამ საიტებზე?

_ ამ საიტების მიხედვით, ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ბუნებრივია, განსხვავებული თვისებები და ქცევებიც აქვთ და საერთოც. თუ ამ საიტებზე მოცემულ ინფორმაციას შევაჯამებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ იყენებ შუბლსა და წარბებს რაიმეს მისათითებლად ან საჩვენებლად, თუ შენს სარდაფში ყოველთვის არის სახლში დამზადებული მურაბა, საწებელა ან წვენი, თუ მშობლები ყოველ დარეკვაზე გეკითხებიან, მშიერი ხომ არ ხარ, თუ ყველგან დაგვიანებით მიდიხარ და ფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, თუ შენ, შენი ცოლი და შვილები მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, თუ ლაპარაკის დროს იყენებ რუსულ სიტყვებსა და ფრაზებს ისე, რომ ვერც კი აცნობიერებ ამას, თუ მანქანას იტალიელებზე უარესად მართავ, თუ ამზადებ ძალიან ბევრ საჭმელს სტუმრებისათვის და მერე სთხოვ მათ, რომ ბოლომდე შეჭამონ, თუ შენი ნათესავების რაოდენობა ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას უდრის, ესე იგი, კავკასიელი ხარ.

_ ძალიან საინტერესოა. ბევრ შეფასებას ვეთანხმები კიდეც. ხომ ვერ მეტყვი საიტების მისამართებს?

_ რა პრობლემაა. ლინკებს მოგწერ შენს ელფოსტაზე.