გრამატიკა

IDevice Icon
სუბიექტის პირისა და რიცხვის ნიშნები

 

სუბიექტურ პირს ზმნის ფორმაში თავისი ნიშანი აქვს, ობიექტურს - თავისი. ანუ, ზმნის ფორმაში არის ისეთი ელემენტი ან ელემენტები, რომლებიც გვაძლევენ ინფორმაციას სუბიექტისა და ობიექტების შესახებ.

სუბიექტური პირის ნიშანი პირველ პირში ვ- თავსართია, მრავლობითში ამ ვ-ს ემატება -თ ბოლოსართი: ვ-აკეთებ - ვ-აკეთებ-თ, ვ-ამზადებ - ვ-ამზადებ-თ, ვ-წერ - ვწერ-თ...

მეორე სუბიექტური პირის ნიშანი თანამედროვე ქართულში პრაქტიკულად ნულია; მრავლობითობას აქაც -თ გამოხატავს: აკეთებ - აკეთებთ, ამზადებ - ამზადებ-თ, წერ - წერ-თ... ორიოდე ზმნაში გვაქვს მეორე სუბიექტური პირის ნიშანი ხ- თავსართი: ხ-არ, მო-ხ-ვალ (ეს ძველი ქართულის გადმონაშთია).

მესამე სუბიექტურ პირს განსხვავებული ნიშანი აქვს მხოლობითსა და მრავლობითში. ორივე რიცხვში ზმნას დაერთვის ბოლოსართები ანუ სუფიქსები.

მხოლობით რიცხვში გვაქვს: -ს, -ა, -ო: აკეთებ-ს, ამზადებ-ს, წერ-ს... აკეთ-ა, ამზად-ა, წერ-ა... აანთ-ო, ააგ-ო, შეაქ-ო...

მრავლობითში გვაქვს: -ნ, -ენ, -ან, -ნენ, -ეს: აკეთო-ნ, ამზადო-ნ, წერო-ნ... აკეთებ-ენ, ამზადებ-ენ, წერ-ენ... მღერი-ან, მიდი-ან, ჭრი-ან... აკეთებდ-ნენ, ამზადებდ-ნენ, წერდ-ნენ... აკეთ-ეს, ამზად-ეს, წერ-ეს...

 


  • ჩამოწერეთ 10 სამპირიანი ზმნა. 
  • ჩამოწერეთ 10 ორპირიანი ზმნა, რომელსაც შეეწყობა მოქმედი პირი (სუბიექტი) და უმოქმედო პირი - პირდაპირი ობიექტი.
  • ჩამოწერეთ 10 ორპირიანი ზმნა, რომელსაც შეეწყობა მოქმედი პირი (სუბიექტი) და უმოქმედო პირი - ირიბი ობიექტი.