_ რა შეგიძლიათ გვითხრათ ოსური კულინარიული ტრადიციების შესახებ?

_ ოსების სამზარეულო მრავალფეროვანია და ის საკმაოდ ახლოს არის სხვა კავკასიელი ხალხების კულინარიულ ტრადიციებთან. ოსებისათვის ახალამოღებული ყველის ღვეზელი, საქონლისა და ცხვრის მოხარშული ხორცი განსაკუთრებული მნიშვნელობის კერძებია, ხოლო ოსური ლუდი საქვეყნოდაა ცნობილი.

_ რამდენადაც ვიცი, ოსები განსაკუთრებულად იცავენ სუფრასთან მოქცევის წესებს.

_ დიახ, მართალია, ოსეთში სუფრასთან ჯდომის წესები მკაცრად იყო დაცული. ჯერ სხდებოდნენ უფროსები და სტუმრები, შემდეგ დანარჩენები. უფროსი თაობის სტუმრები სხდებოდნენ ყველაზე საპატიო ადგილას. ეს პროცესი ისე ხანგრძლივად მიმდინარეობდა, რომ ამაზე უთქვამთ - „სანამ ოსები სუფრას მიუსხდებოდნენ, წისქვილმა ერთი ტომარა მარცვალი ჩამოფქვაო“. ეს ტრადიცია ახლა თითქმის გამქრალია. ტრადიციული ოსური სუფრა გამოირჩევა მკაცრი წესებით. ეს წესები ვრცელდებოდა როგორც უმცროსებზე, ასევე უფროსებზე. სუფრასთან მჯდომს უნდა ეჭამა ნელა, ლაპარაკის გარეშე. სტუმრის ქცევას სუფრასთან უამრავი თვალი აკვირდებოდა და ამის მიხედვით გამოჰქონდათ აზრი მისი პიროვნების შესახებ. რაც შეეხება სმას, მას, ვინც სუფრის თავშივე განაცხადებდა, რომ ვერ დალევდა, არ აძალებდნენ.

_ დავუბრუნდეთ კულინარიას. თქვენ ახსენეთ, რომ ოსებს ამ მხრივ ბევრი საერთო აქვთ კავკასიის მთის მცხოვრებთა ტრადიციებთან, რაც, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ ამ ხალხებს ხშირი მიმოსვლა და ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

_ რასაკვირველია, ამ კავშირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ზოგადად, ჩვენი ხალხების კულტურის ფორმირებაზე. ოსების ძირითად საკვებს წარმოადგენდა პური, ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. კერძის მომზადებით დაკავებულნი იყვნენ ქალები. ოსების კვებით რაციონში უმთავრესია პური. მთიან რაიონებში ძირითადად აცხობდნენ ჭვავის პურს. XIX საუკუნეში გაიზარდა მოთხოვნილება ხორბალზე, ამასთან, შემოიტანეს სიმინდი, რისგანაც აცხობდნენ ხმიადებს. მკვლევართა აზრით, ქართველების, ადიღეელებისა და სხვა ხალხებისაგან ოსებმა შეისწავლეს მჟავე (საფუვრიანი) ცომის მომზადება და პურს დღეში ორჯერ აცხობდნენ. ოსეთში გავრცელებული ღვეზელი ყველით წარმოადგენს ქართული ხაჭაპურის სახეობას. ხორცის ღვეზელი - ფიჯინი კი სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება კავკასიის მთის მცხოვრებთა შორის. ცნობილია ოსური ხაბიძგინები, რომელშიც გამოყენებულია ყველისა და კარტოფილის ნაზავი. ოსების საყვარელი კერძია მწვადი, რომელიც კავკასიის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ქართული კულინარიის გავლენით ოსეთში დღესდღეობით უკვე მზადდება საცივი, ხარჩო, ჩახოხბილი.