_ კავკასიის ბევრ ხალხში ფართოდ ცნობილი გაძიძავების ჩვეულება უძველესი პერიოდიდან არსებობდა.

_ დიახ, აფხაზებისა და ზოგიერთი სხვა ხალხის კულტურისათვის დამახასიათებელი იყო გაძიძავების ტრადიცია. ამას სხვაგვარად მამამძუძეობის ტრადიციასაც უწოდებენ. ამ ტრადიციის მიხედვით, ახალშობილ ბავშვს აღსაზრდელად გადასცემდნენ სხვა ოჯახს. აღმზრდელი ოჯახი, როგორც წესი, სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე იდგა, ვიდრე ბავშვის ოჯახი. უფრო მაღალი ფენის შვილები დაბადებიდან 8-13, ზოგჯერ კი 17-18 წლამდეც სოციალურად მათზე დაბლა მდგომ ოჯახებში იზრდებოდნენ. აღმზრდელი მამამძუძე აღსაზრდელ ვაჟს ასწავლიდა ქცევის ნორმებს, ცხენზე ჯდომას, იარაღის ხმარებას; ხოლო აღმზრდელი დედა აღსაზრდელ ქალიშვილს — ხელსაქმეს, საოჯახო მეურნეობის გაძღოლას, ეტიკეტს და სხვა.

_ როგორი იყო ურთიერთობა მას შემდეგ, რაც აღსაზრდელი ბიოლოგიურ მშობლებთან ბრუნდებოდა?

_ ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ბუნებრივია, აღსაზრდელსა და აღმზრდელებს შორის სიყვარული და ურთიერთობა მათი დაშორების შემდეგაც გრძელდებოდა. ახალგაზრდა ვაჟის თუ ქალიშვილის მშობლიურ ოჯახში დაბრუნების შემდეგ აღმზრდელ ოჯახთან ურთიერთობა არ წყდებოდა. აღზრდილის ოჯახი დახმარებას უწევდა აღმზრდელებსა და მის საგვარეულოს.

_ საქართველოში თუ არსებობდა მსგავსი ტრადიცია?

_ კი, არსებობდა. ამ ტრადიციის არსებობა ჯერ კიდევ უძველეს ქართულ წყაროებშია დადასტურებული. “ქართლის ცხოვრებისთანახმად, იგი მაღალი წოდების საზოგადოებაში იყო გავრცელებული. მას კარგად ჩამოყალიბებული წესები ჰქონდა. სხვათა შორის, მამამძუძეობას ხშირად ჰქონდა ხოლმე ადგილი აფხაზებსა და მეგრელებს შორის, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ.

_ შემორჩენილია თუ არა ეს ტრადიცია დღემდე?

_ არა, ეს ტრადიცია კარგა ხანია დაიკარგა, თუმცა არსებობს ბევრი ლეგენდა, ფოლკლორული თუ ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებშიც ამ ტრადიციის შესახებაა საუბარი.