1.

საინტერესოა, თუ რა შთაბეჭდილება რჩებათ დამთვალიერებლებს ბაქოში, თბილისსა და ერევანში მოგზაურობის შემდეგ და როგორ აცნობენ მას საკუთარ თანამემამულეებს. ჩვენი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ტურიზმი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიოტიტეტად აქვთ გამოცხადებული, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუმრის აზრი. მოვუსმინოთ, რას წერენ თბილისის, ბაქოს და ერევნის შესახებ უცხოელები, რომლებმაც მოინახულეს ეს ქალაქები.

ჩვენ ვეწვიეთ ერთ-ერთ ტურისტულ საიტს და ბევრ საინტერესო ჩანაწერს გადავაწყდით:

ტურისტი, რომელიც ერთ-ერთ საიტზე ვეროალის სახელითაა დარეგისტრირებული, წერს:

თუ საქართველოში მოგზაურობ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოტოვო მისი დედაქალაქი, თბილისი. ეს ძალიან სასიამოვნო და აბსოლუტურად უსაფრთხო ქალაქია, სადაც პირადად მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. თბილისი თანამედროვე, მზარდი ქალაქია და ამას ყოველ კუთხეში ხედავ. აუცილებლად მოინახულეთ ძველი ქალაქი თავისი პატარა ქუჩებით, სადაც თქვენ ქალაქის ისტორიას შეიგრძნობთ, ნარიყალას ციხე, მეტეხის ტაძარი, აბანოები... თბილისი სამი ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც მეჩეთი, სინაგოგა და ეკლესია გვერდიგვერდ დგას. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართველები ძალიან ტოლერანტული და მეგობრული ხალხია. გირჩევთ, საღამოს თბილისში გაისეირნოთ და რომელიმე რესტორანში ივახშმოთ. თბილისს ულამაზესი განათებები აქვს.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი წერს: თბილისი ყველაზე მომხიბლავი და სასიამოვნო ქალაქია, რაც კი ოდესმე მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ არის დანგრეული, ქალაქში შემორჩენილია შენობები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში მდებარე მულტიკულტურული დედაქალაქის დიდებული წარსულის მოწმეები არიან. ყველაფერთან ერთად, გასაოცარი ლანდშაფტი, მაღალი მთები, რომელიც თბილისს აკრავს და კიდევ უფრო მაღალი მთები, რომლებიც შორიდან მოჩანს, მდინარე მტკვარი, უამრავი მოდური კაფე და კარგი რესტორანი, რომლებშიც კოსმოპოლიტური გავლენა იგრძობა და სადაც შეგიძლიათ, არაჩვეულებრივად გაატაროთ დრო... სწორედ ამ ყველაფრის მერე მთელი სულითა და გულით შეიგრძნობ ქალაქს.