- უძველესი წარსულიდანვე ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე.

- რა თქმა უნდა. სწორედ ამის გამოძახილია დედის მიერ შესრულებული „იავნანა“, სიმღერა, რომელსაც დედა ძილის წინ უმღერის პატარას. დედის მიერ ნამღერი ჰანგების გაგონებისას ჩვილი მშვიდდება და ტკბილად იძინებს. მსოფლიოს ყველა ხალხს თავისი „იავნანა“ აქვს და ის თაობიდან თაობას თითქმის უცვლელად გადაეცემა.

- კიდევ რა შეუძლია მუსიკას?

- სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებები, მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები. მუსიკით შეიძლება შესუსტდეს დაძაბულობა, მოიხსნას ნერვული და ფიზიკური გადაღლილობა ან, პირიქით, გაძლიერდეს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ, იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას უსმენს ადამიანი,

შეიძლება გავარკვიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, დავინახოთ მისი სულიერი განცდები, ფიქრები, ჩამოვაყალიბოთ ადამიანის სულიერი პორტრეტი და, საერთოდ, ვიმსჯელოთ ამ ადამიანის რაობაზე.

_ როგორც თქვენი ნათქვამიდან მივხვდი, მუსიკას ნეგატიური ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია. საინტერესო იქნებოდა, უფრო კონკრეტულად გვესაუბრა ამ საკითხზეც. ყველას გვსმენია, რომ მშობლები შვილებს უსაყვედურებენ გამუდმებით მუსიკის მოსმენის გამო, თანაც, ისეთი მუსიკის, რომელიც მშობლების თაობისათვის სრულიად მიუღებელია.

_ რა თქმა უნდა, მუსიკას შეუძლია უარყოფითადაც იმოქმედოს ადამიანზე. პრინციპი - რომ ზომიერება ყველაფერში კარგია - ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, ჟურნალმა „ედოლ ლისენსმა“ ჩაატარა გამოკვლვა. ძალიან საინტერესოა ამ გამოკვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ იმ ახალგაზრდების ცხოვრება, რომლებიც აქტიურად უსმენენ რეპსა და მძიმე მეტალს, ბევრად უფრო მოუწესრიგებელია სხვა თანატოლებთან შედარებით.