_ გინდ დაიჯერე, გინდ არა, 8 მარტი არასდროს მიყვარდა და არც ახლა მიყვარს, იმიტომ რომ ეს ერთადერთი დღე იყო სკოლის პერიოდში, როდესაც კლასელი ბიჭები გოგოებს საჩუქრებს გვჩუქნიდნენ ხოლმე, სხვა დროს კი მხოლოდ ვჩხუბობდით. ახლა კი ამ დღეს ჩემი ქმარი და ვაჟი ყვავილებს მჩუქნიან, სადილსაც აკეთებენ, თითქოს მოვალედ მიიჩნევენ თავს, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად გამიფრთხილდნენ.

_მერედა, რა არის მაგაში ცუდი? რას ერჩი?

_სინამდვილეში, არაფერს ვერჩი ამ დღესასწაულებს, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს... უბრალოდ, დამოკიდებულება არ მიმაჩნია სწორად. მამრობითი სქესი თავს ივალდებულებს, რომ ქალს აჩუქოს ერთი სხვებისგან ვითომ გამორჩეული დღე, ქალიც ავალდებულებს კაცს, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად მოექცეს. მე კი მიმაჩნია, რომ ასე ხელოვნურად შექმნილ განწყობასა და სიტუაციებს ფასი არ აქვს. პირადად მე, და, ალბათ, ყველა ქალს, გაცილებით უფრო ესიამოვნება, რომ საყვარელმა მამაკაცმა მაშინ აჩუქოს ყვავილები, როცა გულით მოუნდება და არა მაშინ, როცა ეს აუცილებელია.

_ სხვათა შორის, სხვებისგანაც გამიგია, „რა საჭიროა 8 მარტი, ყველა დღე ხომ ისედაც ქალებისაა!” და რატომ არის ასე? განა თქვენი ყოველი დღე მილოცვით იწყება? ყოველდღე გჩუქნიან ყვავილებს? ანდა ყოველდღე გიძღვნიან ლექსს? ყოველდღე იღებთ საჩუქრებს საყვარელი მამაკაცებისაგან? რატომ არ უნდა იყოს ეს ერთი დღე ქალისთვის განსკუთრებული?

_ ეტყობა, რაღაც ვერ ვთქვი სწორად. მე მინდა, ეს ყველაფერი უფრო ხშირად და სპონტანურად ხდებოდეს და არა წელიწადში ერთხელ და დაგეგმილად. უფრო მეტიც, მე მინდა, რომ ყველა ქალს ჰქონდეს ის, რაზეც ყველა მანდილოსანი ოცნებობს: მყარი და მყუდრო ოჯახი და საყვარელი მამაკაცი გვერდით, კარგი შვილები, პროფესია, რომელიც უყვარს და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, კარიერული წარმატება და ნორმალური შემოსავალი ღირსეული ცხოვრებისათვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბედნიერებას მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს უზიარებდეს.

_ ოოოო, ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა.