_ როგორც გავიგე, შენი უფროსი ძმა განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭითაა დაჯილდოებული.

_ კი, მათემატიკაში მართლა განსაკუთრებით ძლიერია. წამებში თავისუფლად უმატებს და აკლებს მრავალნიშნა რიცხვებს უშეცდომოდ.

_ რა მაგარია! მეც მყავდა ერთი კლასელი, რომელსაც განსაკუთრებული მათემატიკური უნარი ჰქონდა. მრავალნიშნას არა, მაგრამ ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებს ზეპირად ამრავლებდა და ყოფდა.

_ მაგას ჩემი ძმაც აკეთებს. გარდა ამისა, შეუძლია ნებისმიერი რიცხვი ნებისმიერ ხარისხში აიყვანოს და კვადრატული ფესვი ამოიღოს.

_ როდესმე ხომ არ გიკითხავს, როგორ ანგარიშობს?

_ რა თქმა უნდა, მიკითხავს, საერთოდაც, ძალიან ბევრი ადამიანი ეკითხება, თუმცა ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს, ამბობს, რომ თავისთავად ხდება. გარდა ამისა, ლაშა, ჩემი ძმა, თავისუფლად ხსნის მრავალუცნობიან განტოლებებსა და ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს.

_ მათემატიკოსობას აპირებს?

_ არ ვიცი, ჯერ არ გადაუწყვეტია. სხვათა შორის, ნორჩ მათემატიკოსთა სკოლაში მისმა ლექტორმა ლაშას მიერ დამტკიცებული თეორემა ნახა და უთხრა, რომ ამ გზით ეს თეორემა ჯერ არავის დაუმტკიცებია, ანუ თეორემის დამტკიცების ახალი გზა იპოვა. ამჟამად იგი ცნობილი თეორემების ახალი გზებით დამტკიცებითაა გატაცებული. უკვე რამდენიმე თეორემა დაამტკიცა ახლებურად.

_ ჩვენს ჟურნალში საინტერესო ადამიანების საქმიანობას ცალკე გვერდი აქვს დათმობილი. თუ შენი ძმა დამთანხმდება, სიამოვნებით დავბეჭდავ მასთან ინტერვიუს.