უშუალოდ მათემატიკასთან და, აგრეთვე, მასთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო გამონათქვამი არსებობს. სხვათა შორის, რამდენიმე მათგანი იუმორისტულიც კია და, ძირითადად, მათემატიკის სირთულეს უსვამს ხაზს.

ასეთია, მაგალითად, ცნობილი მეცნიერის, ნიკოლას კოპერნიკის, სიტყვები: „მათემატიკა დაწერილია მათემატიკოსებისათვის“, ხოლო ალბერტ აინშტაინს, რომელიც ცნობილი იყო თავისი მოსწრებული ენით, ერთხელ უხუმრია: „ნუ დარდობთ, თუკი მათემატიკის სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პრობლემები, რომლებიც მე მაქვს მათემატიკასთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო დიდია“.

გალილეო გალილეის ეკუთვნის ციტატა, რომელიც მათემატიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს: „მე რომ თავიდან ვიწყებდე სწავლას, მივყვებოდი პლატონის რჩევას და მათემატიკით დავიწყებდი“. მასვე ეკუთვნის მეორე გამონათქვამი, რომელშიც ის მეტაფორულად გადმოგვცემს მათემატიკის როლს სამყაროში: „მათემატიკა არის ანბანი, რომლითაც ღმერთმა აღწერა სამყარო“.

მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა საკმაოდ რთული მეცნიერებაა, არიან ადამიანები, რომლებიც მასში მშვენიერებას ხედავენ. მაგალითად, კარლ ფრიდრიხ გაუსი მიიჩნევდა, რომ „მათემატიკა მეცნიერების დედოფალია“, ხოლო სეკი ტაკაკაძუს ნათქვამი აქვს: „მათემატიკა უფრო მეტად ხელოვნების დარგია“.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათემატიკოსი გეორგ კანტორი კი წერდა: „მათემატიკაში საკითხის დასმის, შეთავაზების ხელოვნება უფრო ღირებულია, ვიდრე მისი გადაჭრა ან ამოხსნა“.

მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, აქ ზუსტი პასუხი, თურმე, არც ისე ჩვეულებრივი ამბავია. ბერტრან რასელის აზრით, „მათემატიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მეცნიერება, სადაც არავინ იცის, რაზე საუბრობენ და არც ის, მათი ნათქვამი ჭეშმარიტია თუ არა“, ხოლო ცნობილი მათემატიკოსი და სამეცნიერო-ფანტასტიკური მოთხრობების ავტორი ერიკ ბელი მიიჩნევს, რომ „ცხადია“ ყველაზე საშიში სიტყვაა მათემატიკაში.“