ხანდახან, როდესაც, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დაწყებული საქმე არ გამოგდით, როდესაც გეჩვენებათ, რომ აღარც ძალა გყოფნით და აღარც სურვილი გაქვთ, კიდევ ერთხელ თავიდან სცადოთ, თქვენს თავს უთხარით, რომ ცდებით. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ არ გაქვთ სათანადო ნიჭი და უნარი, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. წარმატება შრომის ნაყოფია და არა იღბლის ან შემთხვევითობისა. ის იოლად არავისთან მიდის.

წარმატების გზაზე დამარცხება სრულიად ნორმალურია და ეს არაერთი ცნობილი ადამიანის პირადი ისტორიის ნაწილიცაა. წარმოიდგინეთ, რა ღარიბი იქნებოდა მუსიკალური სამყარო, მუსიკაზე უარი რომ ეთქვა ჭაბუკს, რომელსაც მუსიკის პედაგოგმა უთხრა, რომ მისგან კომპოზიტორი ვერასოდეს დადგებოდა. ეს ყმაწვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი იყო.

უოლტ დისნეი ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობდა. რედაქტორმა ის სამსახურიდან დაითხოვა. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი კი შემდეგი იყო: არ ჰქონდა შემოქმედებითი უნარი და ორიგინალური იდეები. როგორც ამბობენ, სწორედ ეს შემთხვევა გახდა დისნეის შემდგომი წარმატების მიზეზი. რომ არა ეს მარცხი, არ არის გამორიცხული, დიდი შემოქმედი მთელი ცხოვრება გაზეთის უბრალო ჟურნალისტად დარჩენილიყო.

მსოფლიო კინოს მშვენებასა და სამყაროს ულამაზეს ქალად აღიარებულ მერილინ მონროს საქვეყნო წარმატებამდე ბევრი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, რომ კინოსამყაროს გავლენიანი ფიგურები თავის მომხიბვლელობასა და ნიჭიერებაში დაერწმუნებინა. _ თქვენ არა ხართ საკმარისად მომხიბლავი და მსახიობობაც არ შეგიძლიათ! - ასეთი იყო პროდიუსერების განაჩენი ახალგაზრდა მერილინის მიმართ.

ამ სიტყვების შემდეგ მერილინს უარი არ უთქვამს თავის ოცნებაზე და სულ მალე იგივე პროდიუსერები რას არ აკეთებდნენ, რომ მერილინის ყურადღება დაემსახურებინათ...