_რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართული იუმორის შესახებ, რა არის დამახასიათებელი მისთვის?

_საქართველოში იუმორი კუთხეების მიხედვით არის განსხვავებული. მაგალითად, ცნობილია გურული იუმორი, ის ძალიან ადვილად აღსაქმელი და მახვილია. კახური იუმორი უფრო დინჯია, თუმცა ღრმა და საინტერესო. ცალკე თემაა იმერული, მსუბუქი და დახვეწილი იუმორი.

_როგორც ვიცი, არსებობს ეგრეთ წოდებული „ქალაქური იუმორიც“.

_მართალი ბრძანდებით. ამ მხრივ საქართველოში თბილისური და ქუთისური იუმორია ცნობილი. დიდ ქალაქებში, სადაც ძალიან ბევრი და განსხვავებული ადამიანი ტრიალებს, ცხოვრება უფრო დინამიკური და მრავალფეროვანია, ხშირად იქმნება ხოლმე ანეკდოტური სიტუაციები. სხვათა შორის, ისიც ცნობილია, რომ ბევრი ანეკდოტის სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ეყრდნობა.

_კიდევ რა არის დამახასიათებელი ქართული იუმორისა და ანეკდოტებისათვის?

_ქართული ანეკდოტებისათვის არ არის დამახასიათებელი ე. წ. „შავი იუმორი“, ბოროტი ხუმრობა. ეს მსუბუქი ირონიაა, რომელიც, მართალია, გაზვიადებული სახით წარმოაჩენს, მაგრამ ახლოს არის რეალობასთან.

_რა თემები, სიუჟეტებია დამახასიათებელი ქართული ანეკდოტებისათვის?

_ამ მხრივ საკმაო მრავალფეროვნება გვაქვს. ზოგიერთ ანეკდოტსა და იუმორისტულ გამონათქვამში გაკრიტიკებულია ადამიანის ესა თუ ის თვისება. სხვათა შორის, ეს იუმორის ერთ-ერთი დამახასიათებელი უმთავრესი თვისებაა - ხუმრობით თქვა ის, რისი თქმაც პირდაპირ გაგიჭირდებოდა. ზოგ ანეკდოტში სოციალური, პოლიტიკური თემებია იუმორის საგანი. ძალიან პოპულარულია ანეკდოტები სიდედრების თემაზე და ა. შ.

_ქართული ანეკდოტების პერსონაჟებზე რას გვეტყვით?

_სხვათა შორის, ესეც კუთხეებისა და ქალაქების მიხედვით არის დაყოფილი. მაგალითად, ძალიან პოპულარულები არიან კახელი მიხო და მარო (ცოლ-ქმარი), ქუთაისელი ჭიჭიკია, თბილისელი სომეხი სეროჟა და ა. შ.