_ რომელი მოვლენები მიეკუთვნება ბუნებრივ კატასტროფებს?

_ასეთი ძალიან ბევრია. მათი ინტენსივობა კი განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ყველაზე გავრცელებულ ბუნებრივ კატასტროფებს მიეკუთვნება გვალვა, წყალდიდობა, სეტყვა, ტორნადო, ციკლონი და ქარიშხალი, ე. წ. ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფები. დედამიწის ზოგიერთ ნაწილში (და, მათ შორის, კავკასიაშიც), ხშირია მიწისძვრა, მეწყერი და ზვავი, ხოლო ზოგიერთი რეგიონისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ცუნამი, ვულკანის ამოფრქვევა, სანაპიროს ეროზია.

_რას გვეტყოდით ატმოსფეროს დაბინძურების, გლობალური დათბობის, ზღვის დონის აწევისა და ოზონის ფენის შემცირების შესახებ?

_თქვენ მიერ დასახელებული ყველა პროცესი გაერთიანებულია ერთ ჯგუფში, რომელსაც გლობალურ-გარემოსდაცვით ჯგუფს უწოდებენ.

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარდა ბუნებრივი გზით წარმოქმნილი კატასტროფებისა, არსებობს ე. წ. ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები.

_ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. უფრო ზუსტად, არსებობს ადამიანური საქმიანობით სტიმულირებული და ადამიანური საქმიანობით გამოწვეული კატასტროფები, რაც მოსახლეობის მხრიდან გარემოსადმი გაუთვითცნობიერებელი დამოკიდებულებით არის განპირობებული. მიზეზთა შორის შეიძლება დავასახელოთ: სასოფლო-სამეურნეო მიწების არასწორი ექსპლუატაცია, დიდი დახრილობის ფერდობების ათვისება, მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალის არასწორ ადგილას და არასწორი მეთოდებით ამოღება, მოსახლეობის დასახლება პოტენციურად სარისკო მეწყრულ უბნებზე, გაუმართავი წყალმომარაგება, ტყის უკანონო ჩეხვა, ხის შენობების შეცვლა მძიმე კონსტრუქციების კაპიტალური ნაგებობებით და . . თუ ადამიანი გააზრებულად მიუდგება პრობლემას, ნაწილობრივ მაინც შეიძლება ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია.