_ დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა ზღვები. გიორგი, მზად ხარ გაკვეთილის საპასუხოდ?

_ დიახ.

_ შეგიძლია მიპასუხო, რა არის ზღვა და როგორი ზღვები არსებობს?

_ზღვები მსოფლიო ოკეანის ნაწილებია, რომლებიც ოკეანისაგან გამოყოფილია ნახევარკუნძულებით, კუნძულთა ჯგუფით, ან წყალქვეშა მაღლობებით. ზოგი ზღვა ღრმად არ არის შეჭრილი ხმელეთში, ასეთ ზღვებს განაპირა ზღვებს უწოდებენ (მაგალითად, ბარენცის, კარის, ლაპტევების, ჩუკოტკის, აღმოსავლეთ ციმბირის, ბერინგის და სხვ.). ზოგი ზღვა ღრმადაა შეჭრილი ხმელეთში და ოკეანესთან მხოლოდ სრუტეებით არის შეერთებული. მათ შიდა ზღვებს უწოდებენ. ასეთებია: ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ბალტიის ზღვა, მარმარილოს, აზოვის, წითელი და სხვა ზღვები.

_გაიხსენე მსოფლიოში ყველაზე დიდი, ყველაზე ღრმა და მლაშე ზღვები.

_ფილიპინების ზღვა მსოფლიოში უდიდესია, ხოლო ცელებესის ზღვა _ უღრმესი. რაც შეეხება წითელ ზღვას, ის მიჩნეულია მსოფლიოში ყველაზე მლაშე ზღვად.

- რის გამოა ზღვებად მიჩნეული კასპიისა და არალის ტბები?

_ მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეებთან დამაკავშირებელი სრუტეები არ გააჩნიათ, ისინი სიდიდის გამო ზღვებად არიან მიჩნეულები.

_ რა არის ყურე. დაასახელე რამდენიმე მათგანი.

_ყურე ანუ უბე არის ზღვის ან ოკეანის ნაწილი, რომელიც მეტნაკლებადაა შეჭრილი ხმელეთში. მაგალითად, ატლანტის ოკეანეში მდებარეობს ბისკაის ყურე, ბენგალისა და სპარსეთის ყურეები ინდოეთის ოკანეში მდებარეობს.

_ რა ეწოდება შედარებით ვიწროწყლიან სივრცეს (აკვატორიას), რომელიც ხმელეთის ნაწილებს ყოფს, ხოლო ზღვებს ან ოკეანეებს აკავშირებს? დაასახელე რამდენიმე მათგანი.

_ ასეთ სივრცეს სრუტე ეწოდება. მაგალითად, ბერინგის სრუტე აკავშირებს ჩრდილოეთის ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს, ხოლო აზიას გამოყოფს ამერიკისაგან. გიბრალტარი ატლანტის ოკეანეს აკავშირებს ხმელთაშუა ზღვასთან, ევროპას გამოყოფს აფრიკისაგან; ცნობილია ბოსფორის, დარდანელის, ლამანშის და სხვა სრუტეები.

_ დიდი მადლობა, გიორგი. დღეს შენ მაქსიმალურ ქულას იმსახურებ.