_ მთამსვლელობა ანუ ალპინიზმი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო და, ამავე დროს, პოპულარული და აზარტული სახეობაა. გვიამბეთ ალპინიზმისა და ალპინისტების შესახებ.

_ ადამიანები ჯერ კიდევ უძველეს დროში ცდილობდნენ მთების გადალახვას პრაქტიკული მიზნებით, კერძოდ, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, სამხედრო და სახელმწიფო მიზნებით. თუმცა, თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად მიჩნეულია 1786 წელი, როდესაც შვეიცარიელმა გლეხმა ჟაკ ბალმა და ფრანგმა ექიმმა მიშელ გაბრიელ პაკარმა სპორტული მიზნით დალაშქრეს 4807 მეტრზე მდებარე მონბლანის მთა. ერთი წლის შემდეგ ამავე მთაზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი ბენედიქტ დე სოსიური და მწვერვალზე მეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებები ჩაატარა. სოსიურმა ჩაუყარა საფუძველი მეცნიერული მიმართულების განვითარებას ალპინიზმში. ასე რომ, ალპინიზმს ორი მიმართულება აქვს — წმინდა სპორტული და მეცნიერული. ჟაკ ბალისა და პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ ალპინიზმი სწრაფად განვითარდა და პოპულარობაც მოიპოვა.

_ თუმცა, ტრადიციული განმარტების მიხედვით, ალპინისტები, ანუ მთამსვლელები, არიან ადამიანები, რომლებიც ტურისტული ან სპორტული მიზნებით ცდილობენ მთების მწვერვალების დაპყრობას.

_ ამის ახსნა ადვილია. მთაზე ტურისტული მიზნით გაცილებით მეტი ადამიანი ადის, ვიდრე სამეცნიერი მისიით. მედიასაშუალებებიც, ძირითადად, ტურისტული და სპორტული მიზნით მოწყობილ ალპინისტურ ექსპედიციებს აშუქებენ, შესაბამისად, ადამიანებმა ამ მიმართულებაზე გაცილებით მეტი იციან. თუმცა, ჩემი აზრით, ალპინიზმის მეტად მნიშვნელოვანი მიმართულების, სამეცნიერო ალპინიზმის, უგულებელყოფა შეცდომაა.

_ და მაინც, რა იტაცებთ მთამსვლელებს?

_ ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდება. პასუხის ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს მთასა და მთამსვლელობასთან დაკავშირებული რომანტიკა. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს, შესაძლებლობებს ცდიან. ალპინიზმი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ხიბლავს ძლიერ და ამტან ადამიანებს, ვისაც მოსწონთ წინაღობების გადალახვა. მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე კი მთამსვლელებს უწევთ ბუნებრივი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვა.