მთა და ბარი

მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,

ცერად დაჰყურებ ბარსაო?!

რადგანაც ძირით გიცქერის,

მით არ უყადრებ თავსაო?

 

სალის კლდეებით ამაყობ,

თოვლითა, ყინულითაო;

კენკეშა, ურძან-ქუჩითა,

პირიმზე-მწირულითაო.


შენ არად მოგწონს ბარისა

დიდი სიმდიდრე ხილითა,

ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,

ზედ მარგალიტის ღილითა;

 

არ-რადმე გეჭაშნიკება

ვარდის გაფურჩქვნა დილითა,

გულით დარდების გადაყრა

წითლის კახურის ღვინითა.

 

შენი ძმა არი ბარიცა.

სთველ-ზაფხულ ბარაქიანი,

გმირთ სისხლით შაღებილი აქვს

ველები ბალახიანი.

 

შენი ხევებიც იქ ჩადის,

ხევები კალმახიანი.

საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,

იცოდე, ტალახიანი.

 

თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,

შენ თან ჩაყვები ნიადა;

არ გარგებს, თორო შენ იცი,

მთავ, ამაყობა ფრიადა.