_ თოკით ხტომა ანუ როუფჯამფინგი, პარაპლანი, წყლის თხილამურები, პარაშუტით დაშვება სპორტის ექსტრემალური და სარისკო სახეობებია. რა განაპირობებს ადამიანების დაინტერესებას სპორტის სახეობებით, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება იყოს?

_ ზოგადად, სპორტულ ასპარეზობაში, თამაშში მონაწილეობა გამარჯვების ან მიზნის მიღწევის სურვილითაა განპირობებული. რაც შეეხება ექსტრემალურ სპორტს, ძლიერი ნებისყოფის, გამბედავი ადამიანებისათვისაა, რომელთაც უყვართ რისკის გაწევა. სპორტის ეს სახეობები დიდი რაოდენობის ადრენალინის გამომუშავებას იწვევს და ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს.

_ექსტრემალური სპორტის რომელი სახეობებია პოპულარული საქართველოში?

_სპორტულ ალპინიზმს საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად. ტინეიჯერებს შორის ძალიან პოპულარულია გორგოლაჭებით ქროლა. მოზარდები სრიალებენ ცალრიგიანი გორგოლაჭებით, ხტებიან დაბრკოლებეზე და ასრულებენ სხვადასხვა ტრიუკს ჰაერში.
_ რამდენადაც ვიცი, დღესდღეობით საწყლოსნო სპორტის სახეობები ინარჩუნებს ლიდერობას სპორტის ექსტრემალურ სახეობებს შორის. მართალია? რომელი სახეობებია განსაკუთრებით პოპულარული ჩვენში?

_ კი, მართალია. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში ასეა. საქართველოში შესანიშნავი გეოგრაფიული პირობებია ჯომარდობის ანუ რაფტინგის განსავითარებლად. ზაფხულის განმავლობაში მთის მდინარეებზე არაერთი ჯგუფი მიჰყვება მთის მდინარეების სწრაფ დინებას ნავით და შემდეგ ნავითვე ეშვება ჩანჩქერზე.

ბოლო წლებში შავი ზღვის კურორტებზე ხშირად ვაწყდებით სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც მსურველებს დაივინგზე, ანუ წყალქვეშა ცურვაზე ეპატიჟებიან. დაივინგი სპორტის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ნებისმიერმა მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინსტრუქტორის გარეშე წყალქვეშ ცურვა ძალიან სახიფათოა.

სერფინგი ( „ზვირთებზე სრიალი“) წყლის ექსტრემალური სპორტის სახეობაა, რომელიც ჩვენში ნაკლებად პოპულარულია. სერფერები სპეციალური ფიცრით (სერფბორდით) სრიალებენ ზღვის, ოკეანის ზვირთებზე გართობის ან შეჯიბრის მიზნით.

_ ფაქტია, რომ ექსტრემალური სპორტი სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა შევამციროთ მოსალოდნელი საფრთხეები?

_ ექსტრემის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მათ ყოველ მიზეზგარეშე უნდა დაიცვან. მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით დაზღვეული არავინაა, თუ გავითვალისწინებთ პროფესიონალი ინსტრუქტორების რეკომენდაციებს, დავემორჩილებით მიღებულ წესებს, საფრთხის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება.