_ ხვალიდან ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიწყებ ცხოვრებას!

_ ანუ არ სვამ, არ ეწევი და ჯანსაღი საკვებით იკვებები?

_ პლუს ვარჯიშს ვიწყებ. მოძრაობა და სპორტული აქტივობა ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც ეხმარება და გარეგნობაზეც დადებითად აისახება. ფიზიკური დატვირთვა ამცირებს გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს, აუმჯობესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გვეხმარება წონის კონტროლში. უკვე დამტკიცებულია, რომ დღეში 8-10-წუთიანი ვარჯიშიც კი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

_ სად აპირებ ვარჯიშს?

_ დილაობით ალბათ კუს ტბაზე ვისეირნებ ან სწრაფი ნაბიჯით ვივლი. საღამოს კი სპორტული კომპლექსის აბონემენტი ვიყიდე. ყოველდღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს 9 საათამდე, ნებისმიერ დროს, შემიძლია ვიცურაო აუზში და ვივარჯიშო სატრენაჟორო დარბაზში. აბონემენტის საფასურში შედის მწვრთნელის მომსახურებაც.

_ არ ცურავ?

_ როგორ არა, ვცურავ, მაგრამ მოყვარულის დონეზე. ახლა მინდა, რომ პროფესიონალური ცურვა ვისწავლო. ასე რომ, მწვრთნელის დახმარება დამჭირდება.

_ მეც შემოგიერთდები. ძვირია აბონემენტი?

_ იაფი არ არის, მაგრამ კარგი ჯანმრთელობა გაცილებით ძვირია. შაბათ-კვირას ბიჭები ფეხბურთის თამაშს აპირებენ უბნის სტადიონზე. შეგიძლია მათ შეუერთდე. ოღონდ, თუ ყოველი თამაშის შემდეგ სახინკლეში წახვალთ, აზრი არა აქვს.

_ ვიცი. მთელი ბავშვობა ვვარჯიშობდი და ზუსტად მახსოვს, რა წესები უნდა დაიცვა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ.

_ რაში ვარჯიშობდი?

_ მამაჩემი აღმოსავლური ორთაბრძოლების ფანია და კარატეზე და ტაიკვადოზე მიმიყვანა. ამბობენ, რომ აღმოსავლური ორთაბრძოლები სხეულისა და სულის ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება ადამიანს.

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მთავარი პრინციპებია: ბრძოლა, თავდაცვა და გამარჯვება. დიდი ყურადღება ექცევა დისციპლინასაც.

_ მე მგონი, ეგ სპორტის ნებისმიერი სახეობის მთავარი პრინციპებია. ყველა სპორტსმენი გამარჯვებისათვის იბრძვის. ოლიმპიური დევიზი - „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი სიტყვებია და არა რეალობის ამსახველი გამონათქვამი.