მოვუსმინოთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება გამოგადგებათ, რომ საჯარო გამოსვლა საინტერესო, ეფექტური და დასამახსოვრებელი იყოს:

საჯარო გამოსვლის ტექსტი წინასწარ მოამზადეთ და რამდენჯერმე გადაიკითხეთ. შეხედეთ მას „უცხო თვალით“ და ამოიღეთ ტექსტიდან ის ნაწილები, რომლებიც მოსაწყენად, უინტერესოდ ან ძალიან რთულად გეჩვენებათ.

წინასწარ მიაწოდეთ ის ინფორმაცია მსმენელებს, რომელიც შეიძლება არ იცოდნენ, აუხსენით ტერმინები, რომლებიც შეიძლება ახალი იყოს მათთვის.

გამოიყენეთ სადა და ნათელი ენა. თავი აარიდეთ რთული ენობრივი კონსტრუქციებისა და ტერმინების გამოყენებას.

თქვენი მთავარი შეტყობინება, იდეა, რამდენჯერმე გაიმეორეთ სხვადასხვა ფორმით, დარწმუნდით, რომ აუდიტორიამ ის სწორად გაიგო.

გაახალისეთ თქვენი პრეზენტაცია საინტერესო ისტორიებით, ფაქტებით, ცნობილი გამონათქვამებით, რომლებიც თქვენს საპრეზენტაციო თემას უკავშირდება.

იუმორი ძალიან ახალისებს გამოსვლას და, რაც მთავარია, დამსწრე საზოგადოებას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ის ბუნებრივია და კარგად შეჩეული, არ შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს.

საპრეზენტაციო ტექსტის რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ რამდენი დრო გაქვთ გამოყოფილი. არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეული დრო დაგჭირდებათ მისალმებისა და მადლობის გადახდისათვის.

ნუ იტყვით ისეთ რამეს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არ გაქვთ. თითოეული გამონათქვამის დაგეგმვის დროს მოფიქრებული უნდა გქონდეთ მისი დამადასტურებელი ფაქტები.

იყავით აუდიტორიასთან მუდმივ კონტაქტში. დაუსვით მათ კითხვები და გულდასმით მოუსმინეთ, სიტყვის თქმის პროცესშივე ჩართეთ პატარ-პატარა დისკუსიები. შეინაჩუნეთ თვალებით კონტაქტი მთელ აუდიტორიასთან.

ნუ წაიკითხავთ მთელ ტექსტს, ასე მოუმზადებლის შთაბეჭდილებას დატოვებთ და აუდიტორიასთან კონტაქტსაც დაკარგავთ.

გამომსვლელმა უნდა შეარჩიოს საუბრის ტემპი. თუ თქვენ ძალიან სწრაფად ისაუბრებთ, აუდიტორია ვერ გაიაზრებს თქვენს ნათქვამს. ძალიან ნელა საუბრის მოსმენა კი მოსაწყენია. შეარჩიეთ საშუალო ტემპი.

შეუქმენით მაქსიმალური კომფორტი აუდიტორიას - არ ისაუბროთ არც ძალიან ხმამაღლა და არც ძალიან ხმადაბლა.

გახსოვდეთ, რომ აუდიტორიის ნდობას იმსახურებენ გამომსვლელები, რომელთა ხმასა და ტონში თავდაჯერებულობა იგრძნობა.

იზრუნეთ თქვენს ვიზუალურ მხარეზე - გამომსვლელი უნდა გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად და აკურატულად.