ჯონ ფიცჯერალდ კენედის საინაუგურაციო სიტყვა ორატორული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია, თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის სიტყვამ, რომელიც 1963 წელს ბერლინში, კედლის აღმართვიდან ორი წლის შემდეგ წარმოთქვა, სრულად წარმოაჩინა მისი ორატორული ნიჭი. კენედიმ კედლის აღმართვას „კაცობრიობის შეურაცხყოფა“ უწოდა. მისი ფრაზა, რომ ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი ბერლინელია, მას შემდეგ მრავალ გამოსვლაში სხვადასხვა ვარიაციით განმეორდა. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“ და ამით ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა. მოვუსმინოთ ჯონ კენედის მიერ ბერლინში წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც არაფორმალურია, ემოციური ხასიათისაა და ბერლინელების გამხნევებას ემსახურება:

“მე ვამაყობ, რომ ჩამოვედი ქალაქში, რომლის სახელიც მთელ მსოფლიოში მებრძოლი სულის სინონიმია, ქვეყანაში, რომელიც განუხრელად მიჰყვება თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას. 2000 წლის წინ არსებობდა გამოთქმა: “მე რომის მოქალაქე ვარ!” დღეს მთელ თავისუფალ სამყაროში ითქმის: “მე ბერლინელი ვარ!”

თავისუფლება და დემოკრატია არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენ არასდროს აღვმართავდით კედელს იმისათვის, რომ შეგვეკავებინა ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან წასვლა მოესურვებოდათ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი თანამემამულეები ამაყობენ თქვენით. მე არ მეგულება სხვა ქალაქი, რომელიც გაუძლებდა 18 წლიან ალყას. ეს კედელი დანაშაულია არა მარტო ისტორიის, არამედ კაცობრიობის წინაშე, რადგან იგი ყოფს ოჯახებს, მეუღლეებს, და-ძმებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სურთ ერთად ყოფნა.

როდესაც დადგება თავისუფლების ნანატრი დღე და ბერლინს შეუერთდება მთელი ქვეყანა, მთელი ევროპის კონტინენტი, დასავლეთ ბერლინის მოსახლეობას სიამაყის ყველა საფუძველი ექნება. თქვენ ოცი წლის განმავლობაში იცხოვრეთ ფრონტის ხაზზე. ყველა თავისუფალი ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, დასავლეთ ბერლინის მოქალაქეა. ამიტომ, მეც, თავისუფალი ადამიანი, სიამაყით ვაცხადებ: “მე ბერლინელი ვარ”!