წარმოგიდგენთ ძირითად კითხვებს, რომლებსაც გასაუბრების დროს სვამენ და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ, წარმატებით გაართვათ თავი თქვენს ამოცანას.

 

გვიამბეთ თქვენ შესახებ

ყველაზე გავრცელებული და, ამავე დროს, არასასურველი შეკითხვაა, თუმცა დამქირავებელს შესაძლებლობას აძლევს, წარმოდგენა შეექმნას პიროვნებასა და მის შესაძლებლობებზე. ისაუბრეთ სამუშაო გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ იმ სამუშაოებსა და კომპეტენციებზე, რომლებიც კავშირშია ამჟამინდელ ვაკანსიასთან. დაიწყეთ ყველაზე ძველი (ადრინდელი) თანამდებობიდან და მოდით ბოლო პოზიციამდე, წარმოაჩინეთ, რა მიღწევები გქონდათ.

 

რატომ გინდათ ამჟამინდელი თანამდებობის დატოვება ან რატომ წამოხვედით წინა სამსახურიდან?

არასოდეს ახსენოთ, რომ პრობლემა გქონდათ უფროსებთან, არ თქვათ ცუდი კოლეგებზე, ორგანიზაციაზე. ამით საკუთარ თავს მხოლოდ ცუდად წარმოაჩენთ. შეინარჩუნეთ ღიმილი და აღნიშნეთ, რომ სამსახურის დატოვებას პოზიტიური მიზეზი აქვს _ ახალი შესაძლებლობების ძიების, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთების სურვილი ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი.

 

რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?

ისაუბრეთ იმ სპეციფიკურ უნარებზე, ცოდნასა და შესრულებულ სამუშაოებზე, რომლებიც ამ ვაკანსიას შეესაბამება ან მასთან ახლოს დგას.

 

მიგაჩნიათ თუ არა თავი წარმატებულ ადამიანად?

აქ ერთადერთი ვარიანტი არსებობს _ დიახ და მოკლედ ახსენით რატომ. კარგი ახსნაა: თქვენ დასახული გაქვთ ამოცანები. ზოგი მათგანი უკვე განხორციელებული გაქვთ (ვთქვათ, აპირებდით უცხო ენის შესწავლას და 2 წელიწადში ისწავლეთ ინგლისური), ზოგი კი შესრულების გზაზეა.

 

რა იცით ამ ორგანიზაციის შესახებ?

წინასწარ უნდა მოიძიოთ ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. მისი წარსული, ისტორია, მიზნები. ძირითადი მოთამაშეები.

 

რატომ გსურთ ამ ორგანიზაციაში მუშაობა?

ამ საკითხზე წინასწარ უნდა იფიქროთ. აღნიშნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია თქვენი კარიერული / პროფესიული განვითარებასათვის; ორგანიზაციის ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაციაც მნიშვნელოვანია.

თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე?

ამ კითხვაზე უამრავი კარგი პასუხის მოძებნა შეიძლება, მთავარია, გასცეთ კონკრეტული პასუხი. სავარაუდო კარგი პასუხებია: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; პრობლემების გადაწყვეტის უნარი; რთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ძირითად საკითხზე ფოკუსირების უნარი; ლიდერის თვისებები; დადებითი განწყობა. შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ასეთი რამდენიმეა და განსხვავებული სიტუაციებისა და საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

თუკი კანდიდატი ვერ ასახელებს თუნდაც ერთ მნიშვნელოვან წარმატებას, იგი სამუშაოსთვის სასურველი კანდიდატურა არ შეიძლება იყოს. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდება კონკურენტი, რომელიც დაასახელებს მნიშვნელოვან წარმატებას და აუცილებლად გაჯობებთ.

 

დაასახელეთ ხელფასი, რომელსაც მოითხოვდით.

ეს რთული შეკითხვაა. თუ პასუხს პირდაპირ გასცემთ, აუცილებლად წააგებთ. კითხვა ღიად დატოვეთ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ რთული შეკითხვაა და იქით ჰკითხოთ, თვითონ რამდენის გადახდას ვარაუდობენ (მინიმუმიდან მაქსიმუმამდე) და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვათ თქვენი პირობა. თუკი კანდიდატი მზადაა, დაბალ ხელფასზე იმუშაოს, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ საკუთარ კვალიფიკაციაში დარწმუნებული არ არის. ზედმეტად მაღალი ხელფასი კი მიუთითებს, რომ პიროვნებას დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. სერიოზული კანდიდატურა ასახელებს ხელფასს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის.

 

დაასახელეთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა დაგასაქმოთ მაინც და მაინც თქვენ?

ისაუბრეთ თქვენს გამოცდილებაზე, რომ გაქვთ შესაბამისი განათლება და ხარისხი; სოციალური უნარები; არ დაგავიწყდეთ, დაასახელეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ კომპანიისათვის.