- მოგესალმებით. ბატონო დავით, თქვენ კომუნიკაციების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ბრძანდებით საქართველოში. ცნობილია, რომ გასაუბრებაზე, შინაარსობრივ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება გასაუბრებაზე მისული პიროვნება და როგორ უნდა მოახდინოს დადებითი შთაბეჭდილება ინტერვიუერზე. საინტერესოა თქვენი რეკომენდაციები.

- ვინაიდან გასაუბრება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მისთვის მომზადებაც სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას. ტანსაცმელი აბსოლუტურად მოწესრიგებული უნდა იყოს.

ჩაიცვით საქმიანი კოსტუმი და თეთრი ან ღია ფერის პერანგი,
მუქი
კონსერვატიული ფეხსაცმელი. არანაირი სანდლები, მაღალი ქუსლები, პლატფორმები.

_ კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ გარეგნულ იერთან დაკავშირებით?
_ ვარცხნილობა აუცილებლად სადა უნდა იყოს. მამაკაცებისათვის რეკომენდებულია
მოკლედ შეჭრილი თმა და სუფთად გაპარსული სახე. ქალებს ფრჩხილები მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ, ლაქი კი უფერული და ღია, ნეიტრალური ფერის უნდა იყოს. მინიმალური ოდეკოლონი და სუნამო და მაკიაჟი ქალებისათვის... გაიკეთეთ რაც შეიძლება ცოტა და სადა სამკაული.

_ ანუ, ჩვენი გარეგნობა სადა და აკადემიური უნდა იყოს, არა?

_ დიახ, მართალია. კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, აგრეთვე, როდესაც ინტერვიუზე მისულ ადამიანს თან აქვს CV და ბლოკნოტი.
ეს
იმის ნიშანია, რომ სერიოზულად ეკიდებით გასაუბრებას და თქვენს საქმეს. ეს იქნება ის დეტალი, რომლითაც ინტერვიუერებს დაამახსოვრდებით, რადგან დარწმუნებული იყავით, რომ არცთუ ბევრი მივა გასაუბრებაზე რეზიუმეთი და ბლოკნოტით.

- კიდევ რა რჩევებს შემოგვთავაზებდით, როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება?

- გასაუბრებაზე დაახლოებით ათი წუთით ადრე უნდა მიხვიდეთ. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გაიღიმეთ და თვალებში უყურეთ კომპანიის წარმომადგენელს. ხელს პირველი ნუ გაუწვდით ჩამოსართმევად, ინიციატივა ინტერვიუერმა უნდა გამოიჩინოს. არ დაგავიწყდეთ თვალებით კონტაქტი, გაიღიმეთ და განეწყვეთ პოზიტიურად.

ინტერვიუერი დაჯდომას გთხოვთ და გარკვეულ ადგილზე მიგითითებთ. თუ ადგილის შერჩევა თავად მოგიწევთ, ისეთ ადგილზე დაბრძანდით, საიდანაც ყველა ინტერვიუერს კარგად დაინახავთ და ისინიც დაგინახავენ.

დაბრძანდით სწორად, სკამის კიდეზე თუ ჩამოჯდებით, დაძაბულის შთაბეჭდილებას დატოვებთ. შეკითხვის დასმისას მოსაუბრისკენ გადაიხარეთ ოდნავ. ამით თქვენს ინტერესს გამოხატავთ, შეგიძლიათ თავიც დაუქნიოთ თანხმობის ნიშნად. ხელები თავისუფლად გეწყოთ კალთაში. პასუხის გაცემისას ხელებიც გამოიყენეთ, ოღონდ ზომიერად.

თუ რომელიმე ინტერვიუერი შეკითხვას გისვამთ ან რაღაცას გიხსნით, თვალებში უყურეთ მას, ვიდრე ლაპარაკს დაასრულებს. პასუხის გაცემისას ჯერ შეკითხვის ავტორს შეხედეთ, შემდეგ რიგრიგობით უყურეთ ყველა ინტერვიუერს. გახსოვდეთ, რომ თვალისმიერი კონტაქტი და ღიმილი გადამწყვეტია წარმატებისთვის. უყურეთ მხოლოდ მსმენელებს, ნუ გადაიტანთ ყურადღებას ნივთებსა და საგნებზე. ეს არის თქვენი თავდაჯერებულობისა და გულწრფელობის ნიშანი. როგორც არ უნდა ილაპარაკოთ, როგორი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, თუ თვალისმიერ კონტაქტს არ დაამყარებთ, ჩათვალეთ, რომ სამუშაოს ვერ მიიღებთ.

_ როგორ უნდა დავასრულოთ გასაუბრება?

_ როდესაც ინტერვიუერები მიგანიშნებენ, რომ თქვენთან მეტი შეკითხვა აღარ აქვთ, ნუღარ შეეცდებით, საუბარი გააგრძელოთ, მაშინაც კი, თუკი რამე დაგრჩათ სათქმელი. მადლობა გადაუხადეთ ინტერვიუერებს, რომ დრო დაგითმეს და დაემშვიდობეთ. არ დაგავიწყდეთ თვალისმიერი კონტაქტი და ღიმილი.