გრამატიკა

IDevice Icon
მრავლობითი რიცხვის გამოხატვა არსებით სახელებში

 

რიცხვის გრამატიკული კატეგორია დამახასიათებელია არსებითი სახელისათვის (და მისი შესაბამისი ნაცვალსახელისათვის);

რიცხვის კატეგორია არსებით სახელში წარმოდგენილია ერთისა და მრავლის დაპირისპირების სახით. მრავალი ამ შემთხვევაში გულისხმობს ერთზე მეტს, ორსაც, სამსაც და მეტსაც; მრავლობითი რიცხვი ითავსებს ზოგად სიმრავლესაც (ბევრი) და კონკრეტულსაც (ცხრა).

რიცხვი ანუ სიმრავლე ენაში შეიძლება აღინიშნოს ორნაირად:

1. ლექსიკურად (მრავალი გულშემატკივარი, არაერთი არსება...);

2. გრამატიკულად (ცხენ-ებ-ი, ქათმ-ებ-ი...);

რიცხვის გამოსახატავად გამოიყენება ერთი მხრივ, -ებ მაწარმოებელი, ხოლო მეორე მხრივ -ნ/-თა; მათგან ძირითადი და გაბატონებულია -ებ-იანი მრავლობითი; ნართანიან მრავლობითს ძირითადად არქაული სტილისტიკური დატვირთვა აქვს.

-ებ ნიშანი ადგილს იკავებს ფუძესა და ბრუნვის ნიშნებს შორის.

ნართანიანი მრავლობითი, განსხვავდება -ებ-იანი მრავლობითისაგან. ის შერეული (ნარიანი და თანიანი) ტიპის წარმოებაა, რამდენადაც სიმრავლის გამომხატველი ორი ურთიერთმონაცვლე სუფიქსია გამოყენებული: -ნ და -თ. -ნ სუფიქსი მხოლოდ სახელობითსა და წოდებითში გამოიყენება: სახ. კაც-ნ-ი, წოდ. კაც-ნ-ო.

-ნ-სთან მონაცვლე -თ საერთოა ყველა დანარჩენი ბრუნვისათვის (მოთხრობითის, მიცემითისა და ნათესაობითისათვის: კაც-თ-ა); ეს -თ ითავსებს როგორც რიცხვის, ისე ბრუნვის გამოხატვის ფუნქციას. კაც-თ(ა) ერთდროულად არის მრავლობითიც და ერთ-ერთი ბრუნვის ფუნქციის გამომხატველიც: მოთხრობითის, მიცემითის ან ნათესაობითისა.

ყველა კუმშვადი სახელი -ებ-იანი მრავლობითის ყველა ფორმაში შეკუმშულ ფუძეს წარმოადგენს;

ა ხმოვანზე დაბოლოებული ყველა სიტყვა ებ-იანი მრავლობითის ყველა ფორმაში ფუძეკვეცადია: დედა - დედები...

ე-ზე დაბოლოებულ სიტყვებს ებ ნიშნის დართვისას ორი ე ექნება: ხე - ხე-ებ-ი...

ნ თანხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვებს ნარიანი მრავლობითის სახელობითსა და წოდებიშთი ორი ნ ექნება: შევარდენ-ნ-ი, შევარდენ-ნ-ო;

თ თანხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვებს თანიანი მრავლობითის მოთხრობითში, მიცემითსა და ნათესაობითში ორი თ ექნება: თით-თ-ა.

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P129/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P129/2