დღეს მთელ მსოფლიოში ბევრს საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, ქალის გაზრდილ სოციალურ როლზე. თანამედროვე ქალებს აღარ აკმაყოფილებთ ოჯახის დიასახლისისა და დედის ფუნქცია. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ოჯახების ცხოვრების წესი.

- რა თქმა უნდა, თუმცა ამაში უცნაური არაფერია. დროს, ეპოქებს მოაქვთ ცვლილებები. თანამედროვე ქალების უმრავლესობა ცდილობს, რომ ტრადიციულ ოჯახურ მოვალეობებს სამსახურიც შეუთავსოს. ვფიქრობ, არაფერია იმაში მიუღებელი, რომ ქალი დასაქმებული იყოს, ჰქონდეს თვითრეალიზაციის საშუალება, მაგრამ ამის გამო შვილებს დედის ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ ან ქალმა კარიერის გამო უარი არ უნდა თქვას შვილების ყოლაზე. დღესაც, ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში, ქალის ყველაზე საპატიო მისიად დედობა ითვლება.

- თქვენ ქალის ტრადიციულ მოვალეობები ახსენეთ, რას გულისხმობთ, სამზარეულოში ტრიალსა და ბავშვების აღზრდას?

- არამარტო. ტრადიციულია ოჯახი, რომელშიც ყველამ კარგად იცის თავისი უფლებები და მოვალეობები, დიდმაც და პატარამაც. ასეთ ოჯახებში ოჯახის უფროსი კაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალების ან ბავშვების უფლებები ილახება. ასეთ ოჯახებში სიყვარული და თანხმობაა, იქ პატივს სცემენ ერთმანეთს. თუ მამაკაცი ოჯახის ლიდერია, ქალი, თავისი ემოციური და მგრძნობიარე ბუნების წყალობით, ოჯახის ერთიანობას განამტკიცებს და ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კომფორტსა და სიმშვიდეზე ზრუნავს.

- ფაქტობრივად, თქვენ იდეალური ოჯახის სურათი დახატეთ - სიყვარულით, პატივისცემით, სიმშვიდით სავსე.