- როგორი ქალი წარმოგიდგენიათ თქვენს მეუღლედ? რას აფასებთ ქალში პირველ რიგში? რა არის აუცილებელი ოჯახური ბედნიერებისათვის?

- არა მგონია, ამ მხრივ ორიგინალური ვიყო. ჩემს მეორე ნახევრად ისეთი ქალი მინდა, როგორზეც მამაკაცების უმეტესობა ოცნებობს: ქალი, რომელმაც იცის საკუთარი თავის, საყვარელი მამაკაცისა და ოჯახის ფასი, უყვარს ოჯახი და ზრუნავს შვილებზე. ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს, უნდა მენდობოდეს და ვენდობოდე. ქალმა ოჯახში სითბო უნდა შექმნას, კაცს სახლში მისვლა უნდა უხაროდეს. ერთმანეთის უნდა გვესმოდეს, ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ უნდა გვინდოდეს.

- ანუ, თქვენ ტრადიციული ოჯახური ცხოვრების მომხრე ხართ.

- ოჯახური ურთიერთობების საფუძველი იყო და იქნება სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. ამას დრო ვერ ცვლის. ოჯახი, სიყვარული, შვილები - მარადიული ფასეულობებია. ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირად ზრუნავდნენ ოჯახზე, შვილებზე, მეუღლეებზე, მშობლებზე ათასწლეულების წინაც და ზრუნავენ ახლაც. ადამიანებს სახლი და ოჯახი თავიანთ ციხესიმაგრედ მიაჩნდათ და მიაჩნიათ ახლაც, რადგან ოჯახი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე დაცულად, ძლიერად, ბედნიერად გრძნობ.