_ ემი, როდის გაჩნდა პირველი უთანხმოება შენსა და შენს მეუღლეს შორის?

_ პატარ-პატარა კონფლიქტები თავიდანვე გვქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო. მაგალითად, არ მომწონდა მუსიკა, რომელსაც ის უსმენდა, არც მისი საუბრის ხმამაღალი ტონი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს მისი კულტურის ნაწილი იყო და ამიტომაც ვეგუებოდი. მისი მშობლიური ენის სწავლა დავიწყე, ჩვენ ხომ მის ქვეყანაში ვცხოვრობდით. ჩავეწერე კულინარიის კურსებზე, რომ ჩემი მეუღლისათვის ის საჭმელები მომემზადებინა, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა.

_ ცუდია, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ ოჯახის შენარჩუნება, როდის დაიძაბა ურთიერთობა?

- ბავშვის დაბადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები სრულიად განსხვავდებოდა. ძლივს შევთანხმდით ბავშვის სახელზე. გარდა ამისა, მისთვის, როგორც აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლისთვის, შვილის აღზრდაში დედის როლი უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე კი, როგორც დასავლელი ქალების უმრავლესობა, ვფიქრობ, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ამ მხრივ განსხვავება არ არის და ორივე მშობელმა პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადაინაწილოს. პირველი სერიოზული კონფლიქტიც აქედან დაიწყო.

- საბოლოოდ რატომ განქორწინდით?

- აღმოჩნდა, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები აბსოლუტურად არ ემთხვეოდა ერთმანეთს. მე კარიერის მოწყობას ვაპირებდი, ჩემს მეუღლეს კი უნდოდა ცოლი, რომელიც დედის, მეუღლისა და დიასახლისის როლს შეასრულებდა, ოჯახის რჩენას კი თვითონ აიღებდა თავის თავზე.

- ბოლოს და ბოლოს, ეს არც ისე ცუდი უნდა იყოს. ეს ხომ ის როლია, რომელსაც ქალები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ასრულებდნენ.

- რა თქმა უნდა, გეთანხმები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ქალს მოსწონს ასეთი ცხოვრება და თავისი სურვილით იღებს ამ გადაწყვეტილებას.