ილზე, შენ გერმანელი ხარ, მაგრამ უკვე თერთმეტი წელია, საქართველოში ცხოვრობ, ქართულ-გერმანული ოჯახის დიასახლისი ხარ. შენი გამოცდილება ყველასთვის საინტერესო იქნება.

_ ჩემი მეუღლე გერმანიაში სწავლობდა, ერთმანეთი შეგვიყვარდა და საქართველოში წამოვედი. აქ არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი ენა, ქართული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, მაგრამ ამას ჩვენი ურთიერთობებისათვის ხელი არ შეუშლია. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე. თუ ადამიანებს შორის სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთგაგებაა, ოჯახის შექმნისას ეროვნებასა და ტრადიციებს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი მაინც სიყვარულია.

- თქვენი ოჯახები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

_ ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. ჩემებს ძალიან მოსწონდათ გიორგი. თანაც, ევროპაში შერეული ქორწინება ხშირია და ამას განსაკუთრებულ მოვლენად არ აღიქვამენ. ჩემი მეუღლის ოჯახიც არ ყოფილა წინააღმდეგი, თუმცა, ალბათ, ქართველი რძალი ერჩივნათ. მაგრამ არაფერი უგრძნობინებიათ, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია.

_ საინტერესოა, ახლა რომ ქმნიდე ოჯახს, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდი, ანუ საქართველოში წამოხვიდოდი საცხოვრებლად?

_ რა თქმა უნდა, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები პასუხზე. მთავარია, გავერკვეთ ჩვენს თავში, რამდენად გვინდა ამ ადამიანთან ყოფნა და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია.