გრამატიკა

IDevice Icon
როდის არის საჭირო მოთხრობითი ბრუნვის გამოყენება?

 

მოთხრობითბრუნვიან კონსტრუქციას იყენებს მოქმედებითი გვარის, ანუ გარდამავალი ზმნა;

ასევე საშუალი გვარის, ანუ გარდაუვალი ზმნების ერთი ჯგუფიც;

ვნებითებთან და საშუალი გვარის ზმნების მეორე ჯგუფთან მოთხრობითი ბრუნვა არ გამოიყენება;

მოთხრობითი ბრუნვა გამოიყენება მხოლოდ წყვეტილთან და მეორე კავშირებითთან!

გარდამავალ ზმნას აწმყოში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად -ს აქვს: აკეთებ-ს, ჭამ-ს, წერ-ს...

გარდაუვალ ზმნას აწმყოში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად -ა აქვს: დგებ-ა, იზრდებ-ა, კეთდებ-ა...

აწმყოს ფორმა ამოსავალი ფორმაა ზმნისთვის. მასზე დაკვირვება საშუალებას იძლევა განისაზღვროს წყვეტილსა და მეორე კავშირებითში სუბიექტის ბრუნვა.

ძირითადი წესი ასეთია:

თუ აწმყოში -ს გვაქვს, მაშინ ზმნა გარდამავალია და წყვეტილსა და მეორე კავშირებითში გვექნება მოთხრობითი ბრუნვა; აწმყოა: აკეთებს ის (მას), წერ-ს ის (მას), ხატავ-ს ის (მას)... წყვეტილი: გააკეთა მან (ის), დაწერა მან (ის), დახატა მან (ის)... გააკეთოს მან (ის), დაწერო-ს მან (ის), დახატო-ს მან (ის)...

-ს დაბოლოება აქვს საშუალი გვარის ზმნათა ნაწილსაც: გორავს ის - იგორავა მან, იგორავოს მან, ცურავს ის - იცურავა მან, იცურავოს მან, სადილობს ის - ისადილა მან, ისადილოს მან...

თუ აწმყოში -ა გვაქვს, მაშინ წყვეტილ-მეორე კავშირებითში სუბიექტი სახელობითში იქნება: ამ შემთხვევაში სუბიექტური პირი ბრუნვაუცვლელია: იყიდება ის - გაიყიდა ის, გაიყიდოს ის, კეთდება ის - გაკეთდა ის, გაკეთდეს ის, დგება ის - ადგა ის, ადგეს ის...

გარდამავალ ზმნას სრული ასპექტის წარსული დროის ფორმებში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მრავლობითში -ეს ნიშანი დაერთვის, გარდაუვალს - ნენ.

 

    აქედან გამომდინარე: თუ -ეს დაბოლოება გვაქვს, წყვეტილსა და მეორე კავშირებითში სუბიექტი მოთხრობითში იქნება.

 

გარდამავალია: გააკეთ-ეს მათ (კაცებმა), ააშენ-ეს მათ (მშენებლებმა), წაიკითხ-ეს მათ (ბავშვებმა)......

გარდაუვალია და მოთხრობითი ბრუნვა არ არის საჭირო: წავიდ-ნენ ისინი, დაიმალ-ნენ ისინი, გაიქც-ნენ ისინი... იყვნენ ისინი (შეადარე აწმყო: „არის“)...

 

  • დაწერეთ შვიდი წინადადება, სადაც სუბიექტი-ქვემდებარე იქნება მოთხრობით ბრუნვაში.
  • დაწერეთ შვიდი წინადადება, სადაც სუბიექტი-ქვემდებარე იქნება სახელობით ბრუნვაში.

 


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო
P131/1