სოსო

(ნაწყვეტი აკა მორჩილაძის რომანიდან „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“)

გარაჟთან ვიდექით. იმან, ჰო, გოჩამ, ცეცხლი დაანთო და თან ვთბებოდით, თან ვეწეოდით. ზაზამ რომ გამოიარა, უკვე ბნელოდა და ციოდა კიდეც. ვფიქრობდი, დროა უკვე-მეთქი, მაგრამ ესენი რაღაცას აკეთებდნენ და გოჩა ამბობდა, სანამ სინათლე არ წასულა, უნდა მოვითავოო. ერთი სომეხი იყო მოსული, ლოვიკა, და რაღაც მავთულებს ალაგებდნენ მანქანაში. მე მანქანის არაფერი გამეგება, არც რიგლის (რიგლი ჩვენი უბნელია, ბავშვობაში „ჟუვაჩკა“ ერქვა, ახლა რიგლის ვეძახით), ისე ვიდექი ცეცხლთან.

_ ვთბებით? _ ცეცხლთან ჩაიმუხლა ზაზამ.

_ ვბერდებით, _ თქვა რიგლიმ.

_ რა ხდება უბანში?

_ არაფერი არ ხდება.

_ ახლა გამოგვრთავენ, თხუთმეტ წუთში.

_ როდის ჩაგვრთავენ?

_ არასოდეს არ ჩაგვრთავენ, _ სულ ეგრე ვიქნებით გამორთულები.

ინდიელებივით შემოვუსხედით ცეცხლს, ვხითხითებდით და შიგნიდან ღიღინი გვესმოდა.

_ ასვლა უნდა და აღარ გამოგვრთავენ. ან ასვლა უნდა და ჩაგვრთავენ, - აღნიშნა რიგლიმ.

_ შენი ფიდერი უნდა იცოდე. ფალიაშვილზე ეგრე აკეთებენ. ფულს აკრეფენ და ადიან ან სასმელი მიაქვთ.

_ ჰო, მაგრამ მაგათ ტრანსფორმატორი დაეწვათ და ახლა იმის ფულს აგროვებენ.

_ ჩვენ ყველას დაგვეწვა ტრანსფორმატორი, _ თქვა ისევ რიგლიმ.

_ მისმინე, _ უთხრა ზაზამ, _ ეს ფაზები რა პონტია, აი, სხვა ფაზაზე გადასვლა?

_ რეზერვია, რა, ქობულეთის ქუჩის ხაზს შემოიყვანენ და თუ აქ წავა და იქ იქნება, გადართავ და შენ გექნება.

_ ქობულეთს?

_ ქობულეთსაც.

_ თუ კაიფობ, რაებზე ვბაზრობთ, _ ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი.

_ ჯერ სადა ხარ, _ გაეხარდა ზაზას _ დაგვახევენ ყურებს. გაისად სურათი გადავიღოთ, ანეკდოტი იცი?

_ არა...

_ ვინც წელს გადავრჩებით, გაისად სურათი გადავიღოთ და „საქართველო“ დავაწეროთ...

_ ბიჭო, სოსო, მომეხმარე, რა? _ გადმომძახა გოჩამ.

_ რა უნდა? _ მკითხა რიგლიმ.

_ რა ვიცი, _ წამოვდექი და გარაჟში შევედი.

_ გოჩა, _ დაიძახა ზაზამ, _ გოჩა, როგორა ხარ, გოჩა? – მაზუთიანი ხელები დაანახა იმან.

_ რათა, ძმაო, შუქი გაქვს და მანქანა.

_ მანქანა! მამაჩემის ნაქონია და ვერ ვყიდი, თორემ ეს რა გარაჟში შემოსასვლელია, _ თქვა გოჩამ, _ დედაჩემს გულიც გაუსკდება, რომ გავყიდო.

_ შენა, რიგლი, _ როგორ უნდა გავაკეთო ეს ფაზა?

_ ქობულეთიდან უნდა გადმოჭიმო მავთული.

_ რა, რობინ ჰუდი ვარ? სხვანაირად არ გამოვა?

_ სხვანაირად... ჩვენი სახლის სხვა ფაზაზე უნდა გადახვიდე... სადარბაზოში რომ ყუთია, შენს სართულზე, ის უნდა გახსნა და...

_ სტოპ, სტოპ, სტოპ, ხელახლა, _ ხელები გაშალა ზაზამ, _ ვერ დავიმახსოვრებ!

_ სადარბაზოში... _ დაიწყო ისევ რიგლიმ.

_ არ მინდა, მაინც ვერ გავაკეთე, სოსო! საათი არა გაქვს?

_ რვა, _ ვთქვი და დაბარებულივით:

წკაპ! - გამოგვირთეს.

_ ფუი, შენი! _ შეიგინა გოჩამ.

_ ტუტ, რებიატა, ვარიანტი არ არის, _ თქვა ლოვიკამ, _ ტუტ, ნახე, ყველა გამორთეს. უნდა გაყიდო ყველაფერი და ვ ლოს ანჟელეს!

_ ნიცაში, ნიცაში სჯობს! _ გამოცოცხლდა ზაზა.

_ არა, ლოს ანჟელეს!

_ ამას იქ ბიძა ეყოლება, _ ვთქვი მე.

_ როდსტვენნიკი იესწ?

_ სომხები ბევრნი არიან.

_ სიგარეტი არა გაქვთ? გამითავდა, _ ითხოვა ზაზამ.

მივეცი და გოჩამაც თქვა:

_ ვსო, ვკეტავ!

_ მასწავლეთ, რა, ფაზა? _ ითხოვა ისევ ზაზამ.

_ შენით მაინც ვერ გააკეთებ! _ უთხრა გოჩამ, _ დამირეკე და გადმოვალ, ან, აგე, რიგლის დაურეკე, ოღონდ სინათლე რომ იქნება, მაშინ.

_ არაყი ჩემზეა, _ გაუხარდა ზაზას.

არც გაახსენდებოდა ეს ფაზა ათი წუთის შემდეგ.

_ სად წაიღე ეს ბოქლომი?

_ წავალ, ჯანგოს ჩამოვიყვან, ისეირნოს, _ თქვა რიგლიმ.

_ სიბნელეში რატომ გამოგყავს, შეგვიანებული მგზავრებით რომ გააძღო? _ ჰკითხა ზაზამ და ყველამ გავიცინეთ.

ძალიან ბნელოდა, ნაკვერჩხლებს გავკარი ფეხი და სახლში წავედი. არც მინახავს ასეთი შავი ცა. ნაღდი შავი, არც მთვარე, არც ცოტათი მაინც განსხვავებული ტონები. შავი. ერთი ფერის იყო ცა და მიწა. არაფერი არ ჩანდა.