_ საგადასახადო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივები. რა ვითარებაა საქართველოში და მსოფლიოში ამ თვალსაზრისით?

_ საშემოსავლო გადასახადის სიდიდის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნების რეიტინგში 26-ე ადგილზე მოხვდა. ეკონომიკური ანალიზის ცენტრის მიერ შედგენილ რეიტინგში სულ 37 ქვეყანა შევიდა, რომელთაგან საქართველომ და სომხეთმა 20-20%-იანი საშემოსავლო გადასახადით 26-27 ადგილები გაიყვეს. რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანას, აზერბაიჯანს, იქ საშემოსავლო გაცილებით უფრო მაღალია და 30% პროცენტს შეადგენს.
_ ბოდიშს გიხდით, შეგაწყვეტინებთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადის მაღალი მაჩვენებელი ხშირად ნეგატიურ შედეგებს იწვევს.

_ ცალსახად პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. თუმცა, ნათელია, რომ მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების მაღალი საშემოსავლო დაბეგვრა მათ მიგრაციას იწვევს ნაკლებტარიფიან ქვეყნებში ან იქ, სადაც გადასახადებისაგან თავის არიდების გზები არსებობს.
ყველაზე მაღალ საშემოსავლო გადასახადს სოციალურად ორიენტირებულ შვედეთში იხდიან, სადაც საშემოსავლო გადასახადი 56,4%-ია. ასეთი მაღალი დაბეგვრის გამო ბოლო წლებში ქვეყნიდან მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალების გადინების ტენდენცია შეინიშნება. შემდეგ მოდის ბელგია, სადაც საშემოსავლო გადასახადი 53,7% -ია და ნიდერლანდები 52%-ით. რეიტინგში ბოლო ადგილზე დგას ბულგარეთი და ყაზახეთი, სადაც საშემოსავლო გადასახადი 10-10%-ს შეადგენს.

_ რამდენიმე წლის წინ საქართველოში გაჩნდა ინიციატივა, რომ მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანს აიყვანდა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებოდა. რამდენად რეალისტური იყო ეს ინიციატივა?

_ მე, როგორც ფინანსისტი, დარწმუნებული ვარ, ამგვარი ინიციატივები მხოლოდ პოპულისტურ ხასიათს ატარებს და არავითარ ეკონომიკურ გათვლებსა და პერსპექტივებს არ ითვალისწინებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს სხვა ადამიანებს, რადგან გადასახადისაგან გათავისუფლების გამო მეწარმე დაასაქმებს საშუალო ასაკის ადამიანებს, ხოლო ახალგაზრდებს დასაქმების პერსპექტივა ნაკლებად ექნებათ.
_ რამდენიმე წელია, მომხმარებელი სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს ონლაინბანკინგს. რა უპირატესობა და პერსპექტივა აქვს ამ სისტემას?

_ ონლაინგადახდები მართლაც დღითიდღე პოპულარული ხდება ჩვენში და მისი მომხმარებლის რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ინტერნეტბანკინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მარტივად, სწრაფად და მომაბეზრებელ რიგებში დგომის გარეშე გადავიხადოთ კომუნალური და სხვა სახის გადასახადები, შეავსოთ სატელეფონო ბალანსი, ეწვიოთ ინტერნეტმაღაზიას და უყიდოთ საჩუქარი თქვენთვის ძვირფას ადამიანს, ფატობრივად, თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად შეასრულოთ ყველა ის საბანკო ოპერაცია, რომელთათვისაც აქამდე ბანკში გიწევდათ მისვლა. ამდენად, ამ სერვისის პოპულარობის ზრდა სრულიად ლოგიკურია.

_ სამწუხაროდ, ჩვენი დრო ამოწურულია. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგიწვიოთ ჩვენს გადაცემაში და საუბარი გავაგრძელოთ საბანკო და ფინანსურ საკითხებზე.

_ დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს შეთავაზებას.