_ საკამათო არ არის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში, რადგან სწორედ მედიასაშუალებებით ხდება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა არის მედიის როლი და ფუნქცია?

_ მედიის ძალისა და გავლენის ნათელსაყოფად საკმარისია გავიხსენოთ გამონათქვამი: „ადამიანები და თემები, რომელთაც მედია არ განიხილავს, უბრალოდ, არც არსებობენ“. მედიის როლისა და ფუნქციის შესახებ უამრავი მოსაზრება და თეორია არსებობს, თუმცა, ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულების თანახმად, მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია შემდეგია: მეთვალყურეობა - დღევანდელ საზოგადოებაში მხოლოდ მედიას შეუძლია თვალყური ადევნოს მიმდინარე პროცესებს. მისი მოვალეობაა, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ან ჩვენ მიღმა ხდება. მედიის ფუნქციაა, აგრეთვე, ინფორმაციის მოძიება, გაფილტვრა და გაანალიზება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გასაგებ ენაზე. მედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა, არჩევნებს შორის დროის ინტერვალში თვალყური ადევნოს სამ პოლიტიკურ - სახელისუფლებო შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) საქმიანობას. მან უნდა უზრუნველყოს საჯარო დისკუსია, რომლითაც თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო თანამშრომლობაში. ადამიანებს ფასეულობების ჩამოყალიბებაში სწორედ განათლება და მედია ეხმარება, გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. ამდენად, მედიას ამ მხრივაც შეაქვს წვლილი პიროვნებისა და საზოგადოების ფორმირების პროცესში.

_ ამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ, რომ მედია და ჟურნალისტიკა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ყველა ფენისა თუ შეხედულების ინტერესებს, საქართველოში მიკერძოებულია. რამდენად შეეფერება ეს აზრი სიმართლეს?

_ საქართველოში მედიას, ანუ ეგრეთ წოდებულ „მეოთხე ხელისუფლებას“, სერიოზული პრობლემები აქვს. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე რეიტინგული ტელევიზიებისკენაა მიპყრობილი ჩვენი ყურადღება და ვცდილობთ მოვისმინოთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, იქიდან მხოლოდ და მხოლოდ ამა თუ იმ ჟურნალისტის პოზიცია ისმის, ხოლო ანალიზი, დასკვნები, შეფასება, რომლებიც ობიექტურ და ლოგიკურ არგუმენტებზეა დაფუძნებული, ნაკლებად ისმის. ბუნებრივია, ეს ფაქტი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. საზოგადოების ნებისმიერი წევრის სრული უფლებაა, მოისმინოს ჯერ ობიექტური ინფორმაცია, მერე თავად გააანალიზოს ის. მნიშვნელოვანია დებატების როლი ქართულ ტელესივრცეში, რომელიც, რეალურად, ვერასოდეს ასრულებს მიზანს. მოპაექრეები ერთმანეთს, უბრალოდ, არ უსმენენ, ჟურნალისტები კი, როგორც წესი, ვერ მართავენ პროცესს.

_ საქართველოს მედიასივრცის პრობლემებზე საზოგადოებაში ბევრს მსჯელობენ, ჟურნალისტები, ექსპერტები, პოლიტიკაში დასაქმებული და რიგითი ადამიანები. რას ნიშნავს ჭეშმარიტად დემოკრატიული და დამოუკიდებელი მედია?

_ პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ცნებები „სიტყვის თავისუფლება“ და „დამოუკიდებელი მედია“. სიტყვის თავისუფლება შეიძლება არსებობდეს საზოგადოებაში, მაგრამ მედია არ იყოს დამოუკიდებელი. მედიის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლების ხარისხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი საზოგადოების დემოკრატიულობისა. დამოუკიდებელი მედიის არსებობა დამოკიდებულია შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე, საზოგადოების მზადყოფნასა და სურვილზე, შესაბამისი ჟურნალისტური კორპუსის არსებობასა და დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე. დამოუკიდებელი მედია არაანგაჟირებულია. დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრას ფინანსური მდგომარეობაც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს მათი მატერიალური მდგომარეობაც. მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა იწყება ეკონომიკიდან. სახელმწიფო, დემოკრატიული მთავრობა ვალდებულია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას. ამისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მედიის დამოუკიდებლობის ფონდები, რომლებსაც არჩეული საბჭო განკარგავს. ამის შემდეგ მედია აღარ იქნება ანგარიშვალდებული ერთი კონკრეტული დამფინანსებლის წინაშე და თავისუფლების ხარისხიც მოიმატებს.

_ კიდევ ერთი გავრცელებული თვალსაზრისია, რომ თანამედროვე მაყურებელი მედიისაგან მხოლოდ და მხოლოდ გართობას მოელის.

_ გართობის ფუნქცია როგორც ბეჭდური, ისე აუდიო, ინტერნეტ- და ტელემედიების მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ვინაიდან თანამედროვე მომხმარებლის, ანუ მაყურებლის, მხრიდან არსებობს ასეთი დაკვეთა, ტელევიზიები და სხვა საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ, ამ დაკვეთას უპასუხონ. გარდა ამისა, რეკლამების რაოდენობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა მედიასაშუალებებისათვის, პირდაპირ არის დამოკიდებული ჟურნალ-გაზეთებისა თუ ტელეგადაცემების პოპულარობაზე. ამიტომაც არის, რომ ამ ტიპის გადაცემებსა თუ გვერდებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამაში ცუდია არაფერია, თუკი იუმორისტული გადაცემები გემოვნებით მზადდება და მაყურებელს უგემოვნობას არ ახვევს თავს.

_ დიდი მადლობა საინტერესო და კომპეტენტური პასუხებისათვის.