- დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია დავით ალადაშვილი, შვეიცარიის ქართული სათვისტომოს წევრი, რომელიც უკვე 12 წელია, ევროპაში ცხოვრობს და საქმიანობს. ბატონო დავით, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ შვეიცარიული დემოკრატიის შესახებ.

_ თანამედროვე დემოკრატიული მოდელის მიხედვით, დემოკრატიულ ქვეყნებში საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა ორგანო, პარლამენტი, რომლის წევრებიც არიან მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლები. ისინი ქმნიან ახალ კანონებს ან მუშაობენ ძველი კანონების გაუმჯობესებაზე. ამ კანონების მორჩილება კი ყველასთვის სავალდებულოდ ითვლება.

ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობა პირდაპირ იღებს მონაწილეობას კანონების შექმნის პროცესში, შვეიცარიაა, სადაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა კანონი საერთო სახალხო რეფერენდუმით მიიღება. რეფერენდუმის შედეგებს ამტკიცებს პარლამენტი და ადგენს კანონის ამოქმედების ვადას. პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს (თუკი რაიმე დარღვევას არ ექნა ადგილი) რეფერენდუმის შედეგები. რეფერენდუმს კი შეუძლია პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმება. ასე რომ, დღევანდელი შვეიცარია, ალბათ, ყველაზე უფრო „დემოკრატიულია" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

_ შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიული ქვეყანაა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქ კონსტიტუციითაა დაცული. საინტერესო იქნებოდა, შვეიცარიის მკვიდრის გამოცდილება ამ თვალსაზრისით.

2008 წლის ომის დღეებში შვეიცარიის ქართულმა დიასპორამ საპროტესტო აქციის გამართვა მოახერხა ბერნში. მოგვიანებით, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყების წინ, გადავწყვიტეთ, რომ გაეროს შენობის წინ ჩაგვეტარებინა აქცია. აქციის ჩასატარებლად ჟენევის პოლიციის თანხმობა გვჭირდებოდა. შევადგინეთ წერილი და გავაგზავნეთ პოლიციაში. პასუხად პოლიციიდან სპეციალური ფორმულარი მივიღეთ - პოლიციისთვის უნდა გვეცნობებინა აქციის მიზანი, აქციის ორგანიზატორების გვარები და სახელები (ანუ ვინ იყვნენ პასუხისმგებლები), აქციის გამართვის ადგილი, აქციის დაწყებისა და დამთავრების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა.

მანამდე კი ჟენევის პოლიციის ვებგვერდზე ამოვიკითხეთ, რომ პოლიციის ნებართვის გარეშე ჩატარებული აქცია უკანონოდ ითვლება. პოლიციის უფლება იყო აქციის დაშალა, მონაწილეების დაპატიმრება და ორგანიზატორების ადმინისტრაციულ პასუხისგებაში გადაცემა. აკრძალულია სამუშაო დღეების განმავლობაში ქუჩების გადაკეტვა, ფეხით მოსიარულეთათვის დისკომფორტის შექმნა, აქციის ადგილის დანაგვიანება და ა.შ. ყოველ ჩამოთვლილ დარღვევას ადმინისტრაციული სასჯელი მოჰყვება. თუმცა, საბუთების შევსებისა და პოლიციაში ჩაბარების შემდეგ უარის მიღება თითქმის გამორიცხულია. ჩვენც, რა თქმა უნდა, თანხმობა მივიღეთ აქციის ჩატარებაზე.

_ ორიოდე სიტყვით შეაჯამეთ დასავლური დემოკრატია, თუ შეიძლება..

_ შვეიცარიაში ცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. იქ ცხოვრებამ კიდევ ბევრი რამ მასწავლა - რომ დემოკრატია პირველ რიგში კანონმორჩილებაა, რომ დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მიერ უმრავლესობის გადაწყვეტილებების მიღებასა და მორჩილებას. ისიც გავიგე, რომ თუ უმცირესობას უმრავლესობის გადაწყვეტილება არ მოსწონს, ქვებს კი არ უნდა ისროდეს, უნდა იზრუნოს, რომ თავად გახდეს უმრავლესობა.

და, რაც მთავარია, მივხვდი, რომ წესრიგი და დემოკრატია ტყუპები არიან!