არასათანადო ადგილასა და დროს ნათქვამი კომპლიმენტი, რომელიც მთლიანად დაშორებულია რეალობას, შეიძლება კომიკურად ჟღერდეს და ადრესატის დაცინვას უფრო ჰგავდეს, ვიდრე მის ქებას. ზემოთ ნათქვამის არაჩვეულებრივი მაგალითია ნაწყვეტი ცნობილი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც მთავარი გმირის, ზურიკოს, ბებიას შეცდომით გადასცემენ სასიყვარულო წერილს, რომელშიც უამრავი საქებარი სიტყვაა ნათქვამი. ზურიკელა ყვება:

„საღამოს ისევ ილიკოსთან ვიჯექი და ნარდს ვაგორებდი.

_ ილიკო - მოისმა გარედან ხმა.

_რომელი ხარ?

_ოლღა ვარ, ილიკო, ჩემი ბიჭი შენთანაა?

_ მობრძანდი, ოლღა. მობრძანდი, აგერაა!

ოთახში წელში მოხრილი ბებიაჩემი შემოვიდა, თავშალი მოიძრო, გამარჯობა თქვა და მე მომმართა:

_შვილო, ზურიკო, შენი ქიმიის მასწავლებელი რა ხნისაა?

_ იქნება ასე ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის. რაშია საქმე? _ ვკითხე მე.

_ ცოტა შექანებული ხომ არაა?

_ შექანებული კი არა, ჭკუით გატენილია! _ ვთქვი მე.

_ ილარიონ, ნახე ერთი რას მწერს, _ თქვა ბებიამ და ილარიონს წერილი გადასცა. ილარიონმა წერილი გამოართვა, სათვალე გაიკეთა და ჰკითხა:

_ ვინ მოგიტანა ოლღა?

_ლადიკო სიხარულიძის გოგო რომაა, მერი, იმისთვის გამოუტანებია.

ილარიონმა წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო:

„ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო...“

_შენ გწერს მაგას? _იკითხა ილიკომ.

_კი, შენ ნუ მომიკვდები.

ილარიონი განაგრძობდა:

„მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა...“

_სად მნახა ნეტავ? _ ჩაიხითხითა ბებიამ. ილიკო ყურებს არ უჯერებდა.

„მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა...“ _ განაგრძობდა ილარიონი.

_ ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე, _ თქვა ბებიამ.

_ სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა! _ თქვა ილარიონმა.

_“მე მაგიჟებენ შენი თვალები... წამწამები“, - განაგრძო ილარიონმა. ილიკო სიცილისაგან იატაკზე დაგორდა. ილარიონს სლოკინი აუვარდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა: - „მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, ბროლის კბილები...“

_ აქ კი შეშლია ცოტა. _ თქვა ილარიონმა.

_ მიწა დავაყარე პირზე, რა დროს ჩემი კბილებია! _ თქვა ბებიამ.

„თითები, მარჯნის ტუჩები, წარბები, მოკლედ, მთლიანად მაგიჟებ...“ _ განაგრძო ილარიონმა და ცრემლები გადმოსცვიდა.

_ გაჩერდი, შე ურჯულო, გავთავდი კაცი! _ იკივლა ილიკომ. _ გაჩერდი, აღარ შემიძლია, გეყოფა! - ილარიონმა კითხვა დაამთავრა, ბებია თავისთვის ხითხითებდა. მარტო მე ვიჯექი უხმოდ.

_როდის ათხოვებ ქალს, ქორწილი არ გამომაპარო! _ მითხრა ილიკომ და ისე გაგორდა.

_ აქ რაღაც სხვა ამბავია _ თქვა ილარიონმა.

_შენ რა გითხრა, ოლღა, გაგონილა კაცის ასე გაგიჟება?!

_ილიკო ბიძია! _ მოისმა ამ დროს გარედან.

_ მობრძანდი!

ოთახში ლოყებაწითლებული მერი შემოვიდა.

_ ილიკო ბიძია, ოლღა ბებია თქვენთანაა?

_აგერ ვარ, შვილო, ეს რა წერილი მომიტანე, ამ სიბერეში სული კინაღამ რომ ამოგვხადე! _ უთხრა ბებიამ და წერილი გადასცა.

_ოლღა ბებია, მასწავლებელმა რომ წერილი გამომატანა, აგერ მოგიტანეთ, შემშლია თურმე. ეს წერილი საიდან გაჩნდა, არ ვიცი, _ თქვა მერიმ და ბებიას წერილი მიაწოდა. ბებიამ ილარიონს გადასცა:

„გთხოვთ, ხვალ გამოცხადდეთ სკოლაში თქვენი შვილიშვილის უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით.“