_ როგორია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო წყობა და რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას განვითარების თვალსაზრისით?

_ საქართველოში არსებული საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით იყო დაფუძნებული და მას ყველა ის ნიშანი ჰქონდა, რაც დამახასიათებელია რესპუბლიკური მმართველობის ამ ფორმისათვის. ანუ პრეზიდენტი იყო სახელმწიფოს პირველი პირი, რომლის ხელშიც თავმოყრილი იყო სახელმწიფოს მართვის ყველა მნიშვნელოვანი ბერკეტი. თუმცა, ბოლო ხანებში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის სტატუსი შეიცვალა.

_ ანუ, თქვენ გულისხმობთ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გავლენის ზრდას?

_დიახ, მართალი ბრძანდებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, პრესაში, აკადემიურ საზოგადოებაში სერიოზულად მუსირებდა აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა შეცვლილიყო მმართველობის ფორმა და შემოღებული უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი. მართლაც, საქართველოში განხორციელდა მმართველობის ფორმის რეფორმა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა შეიცვალა რესპუბლიკური მმართველობის სხვა ფორმით.

_ საქართველოში ბოლო ხანებში გააქტიურდა მონარქიის აღდგენის იდეა. როგორც ვიცით, ამ იდეის ინიციატორი და მხარდამჭერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.

_ სხვათა შორის, ეს თემა ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში განიხილებოდა და ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა მამებმა იმთავითვე უარი თქვეს მონარქიაზე. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, როდესაც მონარქს ენიჭება აღმასრულებელი ფუნქციები, არაეფექტური მმართველის შერჩევის მაღალ რისკს შეიცავს. როდესაც აღმასრულებელად (პრეზიდეტად ან პრემიერ-მინისტრად) არჩევნების გზით შერჩეული პირი გვევლინება, ეს, როგორც წესი, ამ კანდიდატის დამსახურებით, კვალიფიკაციით, კომპეტენციითა და ინტელექტითაა განპირობებული. მონარქიაში კი მმართველის უფლებმოსილება გადადის მემკვიდრეზე, რაც არ უნდა უუნარო იყოს იგი. შესაძლებელია არჩეული მმართველი უუანრო აღმოჩნდეს და მემკვიდრე უნარიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევით უკეთესი მმართველის მიღების ალბათობა გაცილებით მეტია. ასევე არჩევნების გზით დანიშნული მმართველი საზოგადოების (როგორც წესი, მისი უმრავლესობის) ნების გამომხატველია, მაშინ როცა მემკვიდრეობით სახელმწიფოს სადავეების გადაცემისას საზოგადოების ნებას ანგარიში არ ეწევა.

_ გარდა ამისა, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სამეფო კარის შენახვა გაუმართლებელი ხარჯია ქვეყნისათვის.

_ რა თქმა უნდა, მონარქიის, თუნდაც სიმბოლური ფორმით, აღდგენის შემთხვევაში, საჭირო გახდება სამეფო კარის შენახვა. საქართველოსნაირი ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებადი ქვეყნისთვის, მიმაჩნია, ეს გაუმართლებელი ფუფუნება იქნებოდა. მსმენია მოსაზრება, რომ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში სამეფო კარი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას. მსგავსი შედეგი რთულად მესახება, რადგანაც ქართული სამეფო კარის მიმართ მსოფლიოში ინტერესი, ეჭვი მაქვს, ბევრს არ ექნება.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით.