კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

დასვენება აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. პატარები ხშირად იღლებიან და დღეში რამდენჯერმე ისვენებენ. მოხუცებიც ხშირად ისვენებენ. ადამიანები ისვენებენ შაბათ-კვირას და შვებულების დროს. ზოგი მხოლოდ ზაფხულში ისვენებს, ზოგი _ზაფხულშიც და ზამთარშიც.

ნიკა დასვენების დღეებს სოფელში, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ატარებს. ეს დასვენების საუკეთესო გზაა.

ირაკლის ზღვაზე დასვენება უყვარს. ის აქტიური დასვენების მოყვარულია _ ცურავს, პარაშუტით ხტება, სპორტულ თამაშებს თამაშობს. საღამოს კი ბარებსა და კლუბებში ერთობა.

ნანას პასიური დასვენება უყვარს. ის ზაფხულს მთაში ატარებს _ სეირნობს, კითხულობს, საყვარელ ფილმებს უყურებს.

ლადოსთვის საუკეთესო დასვენება თხილამურებით სრიალია. ის კარგი მოთხილამურეა. ზამთარში ის გუდაურში ან ბაკურიანში ისვენებს, ზაფხულში კი-ზღვაზე.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები ტექსტიდან, მოიძიეთ ლექსიკონში და მიუწერეთ განმარტება.

  •  შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

უპასუხეთ კითხვებს:

_რისთვის არის აუცილებელი დასვენება?

_რა არის დასვენების საუკეთესო გზა ამ ტექსტის მიხედვით?

_როგორი დასვენება უყვარს ირაკლის?

_როგორ ისვენებენ პასიური დასვენების მოყვარულები?

 

წაიკითხეთ ტექსტი:

გართობა

არსებობს გართობის სხვადასხვა საშუალება. სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები სხვადასხვანაირად ერთობიან.

ბავშვებისათვის თამაში გართობის საუკეთესო საშუალებაა. პატარა ბიჭები მანქანებითა და თოფებით თამაშობენ. გოგონებს თოჯინებით თამაში უყვართ.

მოზარდებისათვის კომპიუტერი გართობის საუკეთესო საშუალებაა. ისინი თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს და მეგობრებთან საუბრობენ სკაიპში ან ფეისბუქში. მოზარდ ბიჭებს უყვართ ფეხბურთი და, ზოგადად, სპორტი.

გოგონებს უყვართ საყიდლებზე სიარული.

ახლგაზრდები გასართობად დადიან ბარებსა და კლუბებში. იქ ისინი უსმენენ ცოცხალ მუსიკას და ცეკვავენ.

კაცებისათვის ფეხბურთის ყურება საუკეთესო გართობაა. ისინი ხშირად მეგობრებთან ერთად დადიან სტადიონზე.

ქალები ათვალიერებენ ჟურნალებს, საუბრობენ, ზოგჯერ ერთად ამზადებენ საჭმელს ან უყურებენ საინტერესო ფილმებს.

კინო, გასართობი პარკები, თეატრი, გამოფენა _ არსებობს ბევრი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება გაერთოს და განიტვირთოს.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ. 
  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები; დაწერეთ.

  • ტექსტიდან ამოიწერეთ გართობის ამა თუ იმ სახის გამომხატველი სიტყვები. მიუწერეთ, თქვენ ერთობით თუ არა ასე.

უპასუხეთ კითხვებს:

_როგორ ერთობიან ბავშვები?

_რა მიაჩნიათ მოზარდებს გართობის საუკეთესო საშუალებად?

_ვინ დადიან ბარებსა და კლუბებში?

_როგორ ერთობიან ბარებსა და კლუბებში?

_რა მიაჩნიათ კაცებს გართობის საუკეთესო საშუალებად?