კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

 

ყველაზე მხიარული არდადეგები


დადგა დრო, რომელსაც ბავშვები მთელი წელი ელოდნენ - ზამთრის არდადეგები. ახალმა წელმა ჩაიარა, მაგრამ წინ უამრავი საინტერესო ღონისძიებაა. ზამთრის არდადეგების დროს იმართება საახალწლო სპექტაკლები, წარმოდგენები, ზეიმები. ბავშვებს ეს ყველაფერი ძალიან უყვართ. ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევიან საახალწლო ზეიმზე უფროსები. კარგი იქნება, მათ პატარებთან ერთად იმხიარულონ, იცეკვონ, ითამაშონ... ასეთი მშობლების შვილები ლაღები იზრდებიან. საახალწლო განწყობა ბავშვებს ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე უჩნდებათ.. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საახალწლო ზეიმები იმართება. ამისთვის ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან, სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს, ამზადებენ სპექტაკლს.

 

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

რას ელოდებიან ბავშვები მთელი წელი?

როდის იმართება საახალწლო სპექტაკლები და წარმოდგენები?

როგორ ემზადებიან ბავშვები საახალწლო ზეიმისათვის?

 

წაიკითხეთ ტექსტი

უსასრულო არდადეგები

აგვისტოს ბოლო იყო, სექტემბერი იწყებოდა. თეონა დედ–მამასთან ერთად სოფლიდან დაბრუნდა. მალე მისი არდადეგები დასრულდებოდა.

თეონას ძალიან არ უნდოდა არდადეგების დასრულება. ნატრობდა, რომ დრო ნელა გასულიყო და არასდროს დამთავრებულიყო დასვენება.

ამ ოცნებით იძინებდა იგი ყოველ ღამე.

ერთ დილას თეონა დედამ მაღაზიაში გაგზავნა. მაღაზია გზის მეორე მხარეს იყო.

სანამ გზაზე გადავიდოდა, ერთმა მოხუცმა კაცმა დაუძახა, დახმარება სთხოვა.

გოგონა დაეხმარა და ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა. მოხუცმა კაცმა მადლობა გადაუხადა.

_რადგან ასეთი კეთილი ხარ, მითხარი, რა გინდა, რაზე ოცნებობ და სურვილს აუცილებლად აგისრულებო. _უთხრა მოხუცმა.

_მინდა, რომ სულ არდადეგები იყოს, არასოდეს დამთავრდეს. _ სთხოვა გოგონამ.

_ აუცილებლად შეგისრულებო. _ დაჰპირდა მოხუცი.

სახლში რომ დაბრუნდა, დედამ უთხრა, სწავლის დაწყება გადაიდო და არავინ იცის, როდემდეო.

თეონას ძალიან გაუხარდა, თავი უბედნიერესი ეგონა, უხაროდა, ამდენი თავისუფალი დრო რომ ჰქონდა.

გავიდა ერთი კვირა, ორი,სამი, _ თეონას მოეწყინა, თავისი მეგობრები მოენატრა.

გავიდა კიდევ ერთი თვე, ორი, სამი, სწავლა კი არ იწყებოდა. დედა და მამა ყოველ დილით სამსახურში მიდიოდნენ, თეონა კი სახლში რჩებოდა და აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. სწავლის დაწყება უკვე გულით უნდოდა.

ბოლოს გადაწყვიტა, მოეძებნა ის მოხუცი კაცი.

გავიდა გარეთ, მთელი დღე ეძებდა, დიდხანს იდგა იმ ადგილას, სადაც შეხვდა, მაგრამ ის კაცი ვეღარ ნახა.

_ნუთუ არასოდეს აღარ დამთავრდება არდადეგები? _ გაიფიქრა გოგონამ, ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.

დიდხანს ტიროდა ხმამაღლა. გამვლელები გაკვირვებულები უყურებდნენ მას.

_თეონა, რა ხდება, რატომ ტირი? _ მოესმა უცებ დედის ხმა, თვალები გაახილა, გამოფხიზლდა და საწოლთან დახრილი დედის შეწუხებული სახე დაინახა.

_რატომ ტირი, თეონა, რა ხდება, ცუდი სიზმარი ნახე? _ იმეორებდა შეშინებული დედა.

თეონა გამოფხიზლდა. მოეხვია დედას და იგრძნო, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო.

 

  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

რაზე ოცნებობდა თეონა?

სად შეხვდა თეონა მოხუცს?

რატომ შეჰპირდა მოხუცი თეონას, რომ სურვილს აუსრულებდა?

ვინ მოენატრნენ თეონას?

მართლა ხდებოდა თუ არა მოთხრობაში აღწერილი ამბები?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 47P1