კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

XXI საუკუნე წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე.

ინტერნეტი ვირტუალური სივრცეა, სადაც შეიძლება მოძებნო შენთვის საჭირო თითქმის ყველა ინფორმაცია, გაეცნო სიახლეებს, მუდმივად ეკონტაქტო ახლობლებსა და მეგობრებს, გაიცნო ახალი, ვირტუალური მეგობრები. ინტერნეტის საშუალებით შეიძლება დაამყარო საქმიანი ურთიერთობა და მთელი დღის დაღლილმა დაისვენო, ითამაშო ნებისმიერი თამაში, გქონდეს შენი სახლი და მოაწყო ავეჯით; გქონდეს ფერმა, სადაც შეგიძლია მოიყვანო მოსავალი.

ერთი სიტყვით, ინტერნეტში ყველა თავისი საქმიანობითაა დაკავებული.

ჩემი მეგობრები ბევრს თამაშობენ ინტერნეტში. ზოგი ბილიარდს ეთამაშება ვირტუალურ პარტნიორს და ზოგიც _ ჭადრაკს.

ზოგიც თავის ფერმას უვლის.

ერთხელ ჩემი მეგობარი ლალი საღამოს კაფეში არ წავიდა მეგობრებთან ერთად _ ფერმაში მოსავალი გამიფუჭდებაო.

მე არ ვთამაშობ ინტერნეტში არც ერთ თამაშს. საერთოდ არ ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, რადგან დიდ დროს მართმევს.

სამაგიეროდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვარ ჩართული და დღეში ორჯერ მაინც შევდივარ, ვამოწმებ ჩემს კედელს. ამ ქსელში მყავს უამრავი მეგობარი და ახლობელი. მე ვკითხულობ ახალ ამბებს, ვნახულობ ახალ ბმულებსა და სურათებს, რომლებიც ჩემს კედელზეა.

ფეისბუკში ვიპოვე ჩემი კლასელები და კურსელები, ჩემი ძველი მეგობრები.

ზოგჯერ ფეისბუკიც დიდ დროს მართმევს და ვცდილობ, დროზე გამოვიდე იქიდან. მე ინტერნეტს უფრო საქმისათვის ვიყენებ: ვეძებ ჩემთვის საჭირო მასალას; მაქვს ჩემი ელექტრონული ფოსტა, რომელიც მჭირდება საქმიანი ურთიერთობებისათვის.

ჩემთვის აუცილებელია სკაიპიც (skype). სკაიპით საზღვარგარეთ მყოფ ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს ვესაუბრები. მართალია, ფეისბუკითაც შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ სკაიპი სულ სხვაა. როცა მე ვიდეოსასაუბროთი ველაპარაკები და ვხედავ მათ, ასე მგონია, რომ ისინი შორს არ არიან.

სკაიპით თბილისსა და საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებშიც ვესაუბრები ჩემს ნათესავებსა და მეგობრებსაც.

გუგლი (google) კარგი საძიებო საშუალებაა. როცა მე რამე ინფორმაცია მჭირდება და არ ვიცი სად, რომელ საიტზე მოვძებნო, გუგლში შევდივარ.

ხშირად წიგნებსაც კი ინტერნეტით ვკითხულობ.

ერთი სიტყვით, ინტერნეტი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა.

ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

დაასათაურეთ ტექსტი.

ამოიწერეთ ტექსტიდან 3-4 წინადადება, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნევთ.

უპასუხეთ კითხვებს:

რა არის წარმოუდგენელი ოცდამეერთე საუკუნეში?

რატომ არ წავიდა ლალი კაფეში?

რატომ არ თამაშობს მთხრობელი კომპიუტერულ თამაშებს?

რა არის საუკეთესო საშუალება უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებთან სასაუბროდ?

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 60P1

წაიკითხეთ ტექსტი

გიორგი, გაუმარჯოს! რა კარგია, რომ ხაზზე ხარ! ამ წუთას შემოვედი სახლში, კონცერტზე ვიყავი. ძალიან მინდოდა, ჩემი ემოციები შენთვის გამეზიარებინა. ამ კვირის განმავლობაში ხომ მუსიკალური ფესტივალია ბათუმში. ყველა დღე დაუვიწყარია.

ლაშა, გამარჯობა! მეც მაგრად გამიხარდა, აქ რომ დამხვდი. რამდენი ხანია, არ გვილაპარაკია! მთელი კვირაა, არ გვილაპარაკია. მეც ბევრი მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ჯერ შენ მომიყევი. რა კონცერტებს დაესწარი, მართლა ძალიან მაინტერესებს!

აქ მთელი კვირის განმავლობაში ჯაზის ფესტივალი მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსია ჩამოსული და ყოველ საღამოს კონცერტები იმართება პირდაპირ ღია ცის ქვეშ. სოლისტები, დუეტები, ჯგუფები ერთმანეთს ენაცვლებიან. თითქმის ყველა ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი მოვისმინე.

შენ რომელი ინსტუმენტი გიყვარს ყველაზე მეტად?

გიტარა და საქსოფონი; და შენ, შენ რომელი გიყვარს ყველაზე მეტად?

მე ფორტეპიანო და ფლეიტა მიყვარს ძალიან. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჯაზ-ტრიოები მომწონს, სადაც დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში და ბასია.

გუშინდელ კონცერტს “ახალი სახეები” ერქვა და მასში ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნენ. მე განსაკუთრებით ერთ-ერთი მომეწონა, ახალგაზრდა ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი. იცი, ეს ბიჭი დაახლოებით ჩვენი ასაკისაა, მაგრამ საოცრად უკრავს, უკვე პროფესიონალი მუსიკოსია.

მეც გამიგია ამ ჯაზ-მუსიკოსის შესახებ და ძალიან მინდა მისი მოსმენა.

მეც მინდა, რომ აქ იყო. ვიცი, როგორ მოგეწონებოდა ეს კონცერტები. შენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს; გუშინდელი კონცერტი ვიდეოკამერით გადავიღე და დღეს აუცილებლად ავტვირთავ ინტერნეტში. მაშინ შენც შეძლებ, რომ ნახო და მოუსმინო.

რა მაგარია! როგორ მოიფიქრე? ძალიან დიდი მადლობა!

ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა. ახლა უნდა გავიდე და საღამოს, როდესაც ვიდეოკონცერტს ავტვირთავ, ინტერნეტგვერდის მისამართს სკაიპით მოგწერ.

დროებით, საღამომდე! მოუთმენლად ველოდები შენს ვიდეოს.

ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

დაასათაურეთ ტექსტი.

უპასუხეთ კითხვებს:

ვინ და ვინ საუბრობენ სკაიპით?

სად ტარდება მუსიკალური ფესტივალი?

რა ინსტრუმენტები მოსწონს გიორგის? ლაშას?

რა ერქვა გუშინდელ კონცერტს?