კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ნინო ორი წელია მუშაობს თბილისის სარეკლამო კომპანიაში.

ეს სამუშაო ძალიან ძნელია და, ამავე დროს, ძალიან საინტერესო.

კომპანიას ყოველთვის ბევრი რეკლამის შეკვეთა აქვს. ნინო და მისი კოლეგები ბევრს მუშაობენ, რომ მოასწრონ შეკვეთის შესრულება.

ისინი ძალიან იღლებიან.

ამ კომპანიაში აქტიური დასვენებაც უყვართ: ხშირად დადიან ექსკურსიებზე, აწყობენ ტურისტულ ტურებს, აღნიშნავენ დღესასწაულებს.

ერთხელ მათ აღნიშნეს ახალი წელი, შეიკრიბნენ რესტორანში. საახალწლო საღამო ძალიან კარგი იყო, ბევრი იმხიარულეს. სპეციალური საახალწლო პროგრამა ჰქონდათ.

ნინო პირველად შეხვდა ახალ წელს სახლის გარეთ. მან ძალიან ბევრი იცეკვა, კარგად გაერთო.

მეორედ ნინო კომპანიის იუბილეზე მოხვდა. სარეკლამო კომპანიამ თავისი სამი წელი საზეიმოდ აღნიშნა. ამ დღესასწაულისთვის დიდხანს ემზადებოდნენ. დაარიგეს მოსაწვევები, დაპატიჟეს სტუმრები, შემდეგ იყვნენ რამდენიმე სატელევიზიო კომპანიაში, რამდენიმე ჟურნალის რედაქციაში, მოიწვიეს ჟურნალისტები და ოპერატორები.

სარეკლამო კომპანიის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ეს იყო საინტერესო საღამო. ნინო და მისი თანამშრომლები თავიდან ცოტას ღელავდნენ, ელოდებოდნენ სტუმრებს.

იუბილეზე ბევრი სტუმარი მოვიდა, იქ იყვნენ ჟურნალისტები და იმ კომპანიების, ფირმებისა თუ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც მათთან თანამშრომლობდნენ, რომელთა რეკლამებსაც ისინი ამზადებდნენ.

საღამოს დასასრულს შემოიტანეს უზარმაზარი, ორსართულიანი ტორტი.

ტორტი უგემრიელესი იყო. ყველამ გემრიელად მიირთვა ის.

კომპანიის თანამშრომლები მომავალ წელსაც აპირებენ მსგავსი დღესასწაულის მოწყობას. მძიმე და დიდი სამუშაოს შემდეგ ასეთი საღამოები ყველას სიამოვნებს.

ნინო და მისი კოლეგები მოუთმენლად ელოდებიან კომპანიის მომავალ დაბადების დღეს, თუმცა მანამდე ფიქრობენ შაბათ–კვირას პიკნიკებსა და ექსკურსიებზე წასვლას.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ტექსტში საუბარია დღესასწაულების აღნიშვნაზე. რა დღესასწაულებს დაესწრო ნინო? აღწერეთ 2-3 წინადადებით თითოეული მათგანი.

 

  • როგორ იხდით თქვენ დღესასწაულებს? გამოიყენეთ ახალი სიტყვები და აღწერეთ თქვენი საკუთარი გამოცდილებიდან.

 

  • ხელმეორედ წაიკითხეთ ტექსტი და გადმოეცით თქვენი სიტყვებით მოკლე შინაარსი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

  _ სად მუშაობს ნინო?

_რატომ მუშაობენ ნინო და მისი კოლეგები ბევრს?

_რომელი დღესასწაული აღნიშნა ნინომ თანამშრომლებთან ერთად რესტორანში?

_რა გეგმა აქვთ ნინოს კოლეგებს მომავალი იუბილეს აღნიშვნამდე?

 

წაიკითხეთ ტექსტი

საახალწლო ტრადიციები


საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღესუწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლი ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური .. ,,ბასილას კვერები.”

ახალი წლის ისტორია


საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV უკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება.

აღდგომა

აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციით. ყველა ოჯახი აღდგომას საზეიმოდ აღნიშნავდა. სადღესასწაულო სუფრაზე იყო მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და, რასაკვირველია, წითელი ღვინო.

ქართული ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო სუფრა გამოირჩეოდა სადღესასწაულო ელფერით. ცხვებოდა პასკა, რომელიც გოლგოთას სიმბოლოა. იმავე ცომისგან თონეში მზადდებოდა ნაზუქები.სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქადები და ხორბლისგან დამზადებული კერძი, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდება (კორკოტი, კოლიო). რა თქმა უნდა, ეღებილი კვერცხები ყველა სუფრაზეა, ადრე კვერცხებს ლამაზად მოხატავდნენ ხოლმე.

აღდგომას ტრადიციული თამაშობები და ცეკვები იმართებოდა, ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია ქონდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკბლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქართველი და საქართველოს მოქალაქე აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •   ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   ჩამოთვალეთ დღესასწაულები, რომლებიც მოცემულ ტექსტშია ნახსენები. რომელია საერო? რომელია რელიგიური? დააჯგუფეთ.

  •   კიდევ რა დღესასწაულები იცით? რომელია თქვენი ტრადიციული დღესასწაულები?

  •   ხელმეორედ წაიკითხეთ ტექსტი და გადმოეცით თქვენი სიტყვებით მოკლე შინაარსი.

  •   რამდენიმე სიტყვით აღწერეთ თქვენთვის უსაყვარლესი დღესასწაული. რატომ გიყვართ ეს დღესასწაული განსაკუთრებით?

 
უპასუხეთ კითხვებს:

_როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი ახალ წელს?

_რომელ დღესასწაულზე ღებავენ წითლად კვერცხებს?

_რომელ დღესასწაულზე აცხობენ პასკას?

_როდის აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე?