კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობას ნიშნავს.

პირადი ჰიგიენის წესები ბავშვობიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა.

პირადი ჰიგიენის ჩვევის ჩამოყალიბება მშობლებზეა დამოკიდებული, მათ უნდა აკონტროლონ ბავშვის ჰიგიენა ადრეული ასაკიდან.

პირადი ჰიგიენა არ არის მხოლოდ სხეულის და ტანისამოსის სისუფთავე. ადამიანები, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ პირად ჰიგიენას, ცხოვრებენ სუფთა გარემოში, მიირთმევენ სუფთა საკვებს და მაქსიმალურად ცდილობენ სისუფთავე იყოს მათ ირგვლივ, უფრო ჯანმრთელები არიან..

ზოგიერთ ადამიანს ნორმალური კანი აქვს, ზოგს კი _ ცხიმიანი ან მშრალი. ყველა შემთხვევაში უნდა დაიბანოს სხეული, მიიღოს შხაპი დილით და საღამოს, ძილის წინ.

ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება თმას. ზოგს მოკლე თმა აქვს, ზოგს _ მოგრძო, ზოგსაც ძალიან გრძელი. ყველანაირ თმას მოვლა სჭირდება.

ზოგ ადამიანს თეთრი კბილები აქვს, ზოგს _ მოთეთრო, ზოგსაც _ მოყვითალო. ეს კბილის ემალზეა (მინანქარზეა) დამოკიდებული, მაგრამ ყველანაირ კბილს ჯანსაღი ფერი აქვს, თუ მას კარგად უვლი.

კბილების გახეხვა საჭიროა ყოველდღე, დილა–საღამოს, საკვების მიღების შემდეგ.

ხშირად უნდა შეიცვალოს თეთრეული.

ტანსაცმლისა და თეთრეულის სისუფთავე პირადი ჰიგიენის აუცილებელი ნაწილია.

ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვან.

ის ადამიანები, რომლებიც მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, უფრო ენერგიულები და ხალისიანები არიან. სისუფთავე დადებით ემოციებს უწყობს ხელს. ქრება ინფექციების, ვირუსების და ბაქტერიების გამრავლების საფრთხე, თავს უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობ.

ჰიგიენური საშუალებებით შესაძლებელია პირადი ჰიგიენის დაცვა და სისუფთავის შენარჩუნება შენობებში. ჰიგიენური საშუალებებია:

პირადი ჰიგიენის საშუალებები - თმის შამპუნი, თმის ბალზამი, ხელის საპონი, თხევადი საპონი, აბაზანის ქაფი, შხაპის გელი;

სახლის მოვლის საშუალებები - ჭურჭლის სარეცხი სითხე, აბაზანის საწმენდი სითხე (სპრეი), სამზარეულოს საწმენდი სითხე ( სპრეი), შუშის საწმენდი სითხე (სპრეი), უნივერსალური სახეხი ფხვნილი, უნივერსალური სახეხი კრემი, ავეჯის საწმენდი სითხე, იატაკის საწმენდი სითხე, სარეცხი საშუალებები, ხალიჩის საწმენდი სითხე, უნიტაზის დეზინფექტანტი;

სარეცხი საშუალებები - სარეცხი ფხვნილი, თხევადი სარეცხი სითხე, სარეცხის დამარბილებელი;

საბავშვო ჰიგიენის საშუალებები - საბავშვო შამპუნი და საპონი, საბავშვო საპნის ფხვნილი, თხევადი სარეცხი საშუალება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ჩამოთვალეთ ჰიგიენური საშუალებების 4 სახე და განმარტეთ ისინი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_რას ნიშნავს ჰიგიენა?

_როდიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა ჰიგიენის წესების დაცვა?

_დღეში რამდენჯერ უნდა გაიხეხოს კბილები ადამიანმა?

_რომელი ადამიანები არიან უფრო ხალისიანები და ენერგიულები?

_რას იყენებენ ადამიანები სხეულის მოსავლელად?

 

წაიკითხეთ ტექსტი

პირადი ჰიგიენა ძვირადღირებულ წამლებზე ეფექტურია ეპიდემიების დროს

გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ხელების ხშირი დაბანა, ასევე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება ძვირადღირებულ წამლებზე გაცილებით ეფექტურია, - აცხადებენ მეცნიერები.
ბონდის უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიაში, პროფ. კრის დელ-მარის ხელმძღვანელობით, გააანალიზა ორმოცდაათზე მეტი გამოკვლევა ამა თუ იმ ვირუსის გადაცემის შესახებ როგორც ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსის გადაცემის თავიდან აცილების მეთოდებს მიეკუთვნებოდა: იზოლაცია, კარანტინი, პირადი ჰიგიენის დაცვა და, რაღა თქმა უნდა, ვაქცინაცია და სამკურნალო პრეპარატები.
შედეგად დადგინდა, რომ ძვირადღირებული პრეპარატები და ვაქცინები არასაკმარისია. მაშინ, როცა ხელების რეგულარული დაბანა, აგრეთვე ნიღბისა და ხელთათმანების ტარება ეფექტური აღმოჩნდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ უნდა დაფინანსდეს არა გრანდიოზული პროექტები, რომლებიც ახალი ვაქცინებისა და წამლების შექმნაზე იმუშავებენ, არამედ პირველ რიგში – პირადი ჰიგიენის წესების პროპაგანდის მიზნით შესასრულებელი სამუშაოები, მათ შორის, როგორ დავიცვათ ჰიგიენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 
_რა დაავადებების დროს არის ძალიან ეფექტური პირადი ჰიგიენის დაცვა?

_რამდენი ნაშრომი შეისწავლეს მეცნიერებმა?

_რა არის საკმარისი ვირუსის თავიდან ასაცილებლად?

_ამ ტექსტის მიხედვით, რაზე უნდა დაიხარჯოს ფული?

  • აიღეთ თეზისი: პირადი ჰიგიენა ძვირადღირებულ წამლებზე ეფექტურია ეპიდემიების დროს. შეეცადეთ, მოცემული ტექსტის საშუალებით გაამყაროთ ეს თეზისი არგუმენტებით, ანუ დაასაბუთოთ იგი.