კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ლიტერატურა ლათინური სიტყვაა და „წერას“ ნიშნავს.

 

ლიტერატურას უწოდებენ სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებს: სამეცნიეროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს. ლიტერატურა შეიძლება იყოს ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით. დღეს ლიტერატურა არსებობს ელექტრონული სახითაც.

ყველაზე ხშირად ლიტერატურაში გულისხმობენ მხატვრულ ლიტერატურას. ანუ ლიტერატურას, როგორც ხელოვნების დარგს.

ძველად ლიტერატურას მხოლოდ ზეპირი ფორმა ჰქონდა, მერე დაიწყეს ნაწარმოებების ჩაწერა. ადრე ხელით წერდნენ წიგნებს, ასე შეიქმნა უამრავი ხელნაწერი, დღეს წიგნებს ბეჭდავენ, ამას ბეჭდური გამოცემები ჰქვია, მის გვერდით უკვე არსებობს წიგნების ელექტრონული ვერსიები.

მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახულია ადამიანების ცხოვრება, ემოციები, განცდა, ურთიერთობები.

მხატვრული ნაწარმოებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის: სათავგადასავლო, ფანტასტიკური, ისტორიული, დეტექტიური, ფსიქოლოგიური...

მხატვრული ნაწარმოებები შეიძლება გაერთიანდეს: მსოფლიო ლიტერატურის, საბავშვო ლიტერატურის, საზღვარგარეთის ლიტერატურის სერიაში.

მხატვრული ლიტერატურის გარდა, არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა, საცნობარო ლიტერატურა, სასწავლო ლიტერატურა, პუბლიცისტური ლიტერატურა და ა.შ.

სამეცნიერო ლიტერატურის მკითხველები არიან ამა თუ იმ დარგის მეცნიერები.

სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა არის ისეთი ლიტერატურა, რომელშიც სამეცნიერო თემებზე საუბარია არამეცნიერული წრისთვის გასაგებ ენაზე.

საცნობარო ლიტერატურას ეკუთვნის ენის დიდი ლექსიკონები, ენციკლოპედიები და ა.შ.

სასწავლოა ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესის დროს არის საჭირო, სასწავლო წიგნები, სახელმძღვანელოები, სასწავლო ლექსიკონები...

პუბლიცისტურია ის ლიტერატურა, რომლებიც მკითხველთა დიდი ნაწილისთვის ქვეყნდება ჟურნალ–გაზეთებში.

მკითხველი ჰყავს ლიტერატურის ყველა სახეს.

მხატვრული ლიტერატურის ყველა ჟანრსაც თავისი მკითხველი ჰყავს: ზოგს ფანტასტიკური ლიტერატურა მოსწონს, ზოგს _დეტექტივები, ზოგს _ისტორიული ჟანრი და ა.შ.

დღეს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში არის ყველა სახის ლიტერატურა, ეს ბიბლიოთეკა მუდმივად ივსება, ემატება ტექსტები და მკითხველს შეუძლია ყოველთვის ისარგებლოს ბიბლიოთეკის მომსახურებით.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 _როგორი სახით გვხვდებოდა ლიტერატურა ძველად?

_რას ასახავს მხატვრული ლიტერატურა?

_ვინ არიან სამეცნიერო ლიტერატურის ძირითადი მკითხველები?

_რისთვის გამოიყენება სასწავლო ლიტერატურა?

 

წაიკითხეთ ტექსტი

ქართული ლიტერატურა XIX საუკუნეში

XIX საუკუნე მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. სწორედ ამ საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ლიტერატურის გამოჩენილმა კლასიკოსებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ვაჟა-ფშაველამ, ალექსანდრე ყაზბეგმა და სხვებმა შექმნეს ბრწყინვალე პოეტური და პროზაული ნაწარმოებები. მოწინავე ქართველი მწერლები იმავე დროს იყვნენ მოწინავე მოაზროვნეები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ბრძოდნენ ქართველი ხალხის გათავისუფლებისათვის. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის იყო ლიტერატურული რეალიზმის დამკვიდრება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დრამატურგმა გიორგი ერისთავმა.
XIX
საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება ქართული რეალისტური ლიტერატურის აყვავების ხანა. იმ დროს დაიწყეს თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება ქართული ლიტერატურის კორიფეებმა ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. ისინი გამოხატავდნენ ქართველი ხალხის სულისკვეთებას, მის აზრებს, ფიქრებსა და მისწრაფებებს.
XIX
საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში ილიასა და აკაკისთან ერთად მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები გიორგი წერეთელი და პოეტი რაფიელ ერისთავი.
80-90-
იან წლებიდან თავიანთი ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყეს- ვაჟა-ფშაველამ და ალექსანდრე ყაზბეგმა.
90-
იანი წლებიდან გამოჩნდნენ ნიჭიერი მწერლები: ეგნატე ნინოშვილი, დავით კლდიაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ვასილ ბარნოვი, შიო არაგვისპირელი და სხვები, რომლებმაც, თავიანთ წინამორბედებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანეს კლასიკური ქართული ლიტერატურის განვითარებაში.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

  _ამ ტექსტის მიხედვით, როგორ არის შეფასებული მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატრა?

_ გარდა ლიტერატურული შემოქმედებისა, რას საქმიანობდნენ მეცხრამეტე საუკუნის მწერლები?

_რა იყო გიორგი ერისთავის დამსახურება?

_როდის დაიწყო თავისის შემოქმედების გამოქვეყნება ვაჟა-ფშაველამ?

 

  • ჩამოთვალეთ მე-19 საუკუნის ქართველი მწერლები.
  •  გაქვთ წაკითხული ამ მწერლების ნაწარმოებები? ჩამოთვალეთ, რა გაქვთ წაკითხული ან რომელი ნაწარმოები გაგიგიათ.