კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

დედამიწაზე უამრავი აღმსარებლობის ხალხი ცხოვრობს.

აღმსარებლობა არის ესა თუ ის რელიგია.

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით.

ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გარდა არსებობს წარმართული რელიგიები.

თბილისში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ.

ეს ძველი თბილისური ეზოა. ამ ეზოში ბევრი ოჯახი ცხოვრობს.

მათ სხვადასხვა აღმსარებლობა აქვთ.

ისინი კარგი მეზობლები არიან. აქ ქართველების გარდა ცხოვრობენ ბერძნები, ქურთები, სომხები, ოსები, აზერბაიჯანელები და ებრაელები.

ქართველები და ბერძნები არიან მართმადიდებელი ქრისტიანები, სომხები ქრისტიანები არიან და სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას ეკუთვნიან. ოსების უმრავლესობაც ქრისტიანია, აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან. მათ მოციქულს მუჰამედი ჰქვია და ამის გამო მათ მაჰმადიანებსაც უწოდებენ.

თბილისში მცხოვრები ქურთების უმრავლესობა აღმსარებლობით იეზიდია, ებრაელების რელიგია კი არის იუდაიზმი.

ყველა აღმსარებლობის ადამიანს თავისი წესი და ტრადიცია აქვს. ეს წესები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ისინი სხვადასხვანაირად ლოცულობენ, ქრისტიანები დადიან ეკლესიაში, მუსლიმები _ მეჩეთში, ებრაელები _ სინაგოგაში. ეს მათი სალოცავი ადგილებია.

მეზობლებმა კარგად იციან ერთმანეთის წესები და ტრადიციები.

ამ ეზოში ბავშვობიდან სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს. ისინი ერთად იზრდებიან, სკოლიდან მოსვლისთანავე ერთმანეთს ეძახიან, თამაშობენ, ზოგჯერ ჩხუბობენ, მერე რიგდებიან.ზოგჯერ ისინი ერთმანეთის გამო სხვებთანაც ჩხუბობენ და ისევ რიგდებიან.

მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ქრისტიანების მიერ აღდგომის დღესასწაულზე გამოცხობილ პასკას ეზოში ყველა სიამოვნებით მიირთმევს. ასევე უმასპინძლდებიან ებრაელები მეზობლებს მაცით. ნავროზობა კი აზარბაიჯანელებთან ერთად ყველას უხარია და ზეიმობს.

 

  • უპასუხეთ კიუთხვებს:

 
_რამდენი რელიგიის მიმდევარი ცხოვრობს მსოფლიოში?

_ამ ტექსტის მიხედვით, რომელი ეროვნების ადამიანები არიან ქრისტიანები?

_რომელ აღმსარებლობას მისდევენ ებრაელები?

_სად ლოცულობენ მუსულმანები?

_რომელი რელიგიის მიმდევრები აცხობენ პასკას?

_რომელი რელიგიის მიმდევრები აღნიშნავენ ნავროზობას?

 

წაიკითხეთ ტექსტი

მსოფლიოს რელიგიები

მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდება სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით.

ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებებს, არის იესო ქრისტეს რწმენა. ქრისტიანების წმინდა წიგნია ბიბლია. ქრისტიანობა წარმოიშვა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემების თანახმად, პირველ ქრისტიანთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ.

ისლამი (არაბულად - "მორჩილება") - ჰყავს დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევარი. ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობაა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთაღმოსავლეთ აზია.მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილი.

 

  • თქვენ რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ? აღწერეთ თქვენი რელიგია.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_რა აერთიანებს სხვადასხვა ქრისტიანულ მიმართულებას?

_ვისი წმინდა წიგნია ბიბლია?

_სად წარმოიშვა რისტიანობა?

_რომელია მსოფლიოს მეორე უდიდესი რელიგია?

_ვინ არის ისლამის ფუძემდებელი?

_რომელ რელიგიურ აღმსარებლობას აღიარებს აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ნაწილი?