კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანის უფლებები სხვადასხვა სახისაა. არსებობს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

სხვა სახისაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.

მესამე სახის უფლებებში კი კოლექტიურ უფლებებს გულისხმობენ, ისეთებს, როგორებიც შეიძლება იყოს თვითგამორკვევისა და განვითარების უფლება და სხვა.

ადამიანის უფლებები ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, მიუხედავად პიროვნების ეთნიკური წარმოშობისა, ეროვნებისა, სქესისა და ა.შ.

დღემდე ევროპელები სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. ევროპელების აზრით, თუ შენი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაცულია, დაცული იქნება შენი უფლებების მეორე ნაწილიც.

საქართველოში გაცილებით აქტუალური იყო და არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ვიდრე სოცალური და ეკონომიკური უფლებები.

ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები: წამების აკრძალვა, შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის საფუძველზეც არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ეხება და მასში საუბარი არაა სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე. უფლებების ამ მეორე სახეს ეხება ევროპის სოციალური ქარტია.

სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას ადამიანის უფლებები, აღადგინოს დარღვეული უფლებები და თავი შეიკავოს მათი დარღვევისგან. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, მათი დაცვა და საჭირო ინსტიტუციების მუშაობა.

სახელმწიფოს აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულებები: პოზიტიური არის, როდესაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები, მაგრამ, ამავე დროს არის შემთხვევები, სადაც სახელმწიფო მოვალეა თავი შეიკავოს და თავად არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, არ აწამოს პატიმარი, უკანონოდ არ დაშალოს შეკრება და მანიფესტაცია, უკანონოდ არ დააკავოს ადამიანი და ა.შ..

ყველა ქვეყანაში არსებობს სახალხო დამცველის აპარატი.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

სახალხო დამცველს ომბუდსმენსაც უწოდებენ.

სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით. სახალხო დამცველად აირჩევა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე.

სახალხო დამცველი განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მას აგრეთვე უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის შესწავლა. სახალხო დამცველს აქვს უფლება, ჩაატაროს მონიტორინგი სხვადასხვა დაწესებულებაში, რეკომენდაციებით მიმართოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, წარუდგინოს პარლამენტს ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წელიწადში ერთხელ.

სახალხო დამცველის ოფისში მოქმედებს სამი სპეციალიზებული ცენტრი.

ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრი სწავლობს ბავშვების და ქალების უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, ოჯახური ძალადობის ფაქტებს, ამოწმებს ბავშვთა უფლებების მდგომარეობას ბავშვთა სახლებში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის, ინვალიდობის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს, ამოწმებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების მდგომარეობას სპეციალურ სამზრუნველო დაწესებულებებში.

ტოლერანტობის ცენტრი მუშაობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, ხელს უწყობს ტოლერანტობისა და თანასწორობის კულტურის განვითარებას. არსებობს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭო, გამოიცემა ჟურნალი "სოლიდრობა".

ომბუდსმენის დაკვირვებით, ძალიან ხშირია საჩივრები პატიმრებისგან, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო. ასევე, ბევრია იძულებით გადაადგილებულ პირთა საჩივარი და საჩივარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისგან, უსახლკარო ადამიანების საჩივრები, რომლებიც საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. საკმაოდ ხშირია საჩივრები ჯანდაცვის უფლების დაღვევის გამოც.

10 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება ადამიანის უფლებათა დღე. მსგავსი დღე საკმაოდ ბევრია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღე, ქალთა დაცვის საერთაშორისო დღე, ბავშვის უფლებათა დაცვის დღე და ა. შ. ადამიანის უფლებათა დღე იმისთვის არსებობს, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს ყველას, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, თანასწორები ვართ და ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მუხლი 1.
ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

მუხლი 2.
ამ დეკლარაცი გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

მუხლი 3.
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4.
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობით მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
მუხლი 5.
არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.
მუხლი 7.
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან.
მუხლი 9.
არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.
მუხლი 11.
ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა.
მუხლი 12.
არ შეიძლება თვითნებური ჩარევა ადამიანის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში.
მუხლი 13.
1.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში.
2.
ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც, და დაბრუნდეს თავ ქვეყანაში.
მუხლი 15.
1.
ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.
2.
არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_პირველი მუხლის მიხედვით, როგორ უნდა ექცეოდნენ ადამიანები ერთმანეთს?

_როგორია მონობისადმი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით?

_რა დრომდე ითვლება ბრალდებული უდანაშაულოდ?